ფეხბურთი

17:41 | 4.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვოიცეხ შჩესნის არაბული კლუბი ორ სეზონში 30 მილიონს სთავაზობს

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნი შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს. ამის შესახებ Tuttosport-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, 34 წლის პოლონელს არაბული კლუბი ეპატიჟება, რომელიც ორწლიან კონტრაქტს, სეზონში 15 მილიონი ევროს ანაზღაურებით სთავაზობს. შჩესნის „იუვესთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და მისი სურვილი ტურინში დარჩენაა, სადაც თავს კარგად გრძნობს.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ შჩესნიმ თქვა, რომ არაბეთში არ წავიდოდა, რადგან ისედაც ბევრი ფული ჰქონდა. თუმცა, „ბებერ ქალბატონში“ გადაწყვეტილია მიკელე დი გრეგორიოს ტრანსფერი, რომელსაც ახალი სეზონიდან გუნდში პირველ მეკარედ განიხილავენ, რის გამოც შეიძლება შჩესნიმ აზრი შეიცვალოს და გუნდი დატოვოს. არაა გამორიცხული ინგლისის პრემიერლიგაშიც დაბრუნება.

„იუვენტუსში“ მეორე მეკარის, მატია პერინის მომავალიც გაურკვეველია, რომელსაც ისეთ კლუბში გადასვლა სურს, სადაც პირველი ნომერი იქნება. იტალიური მედია წერს, რომ პერინით „პარმა“ და „ფიორენტინა“ ინტერესდებიან.

ვოიცეხ შჩესნი „იუვენტუსში“ 2017 წლიდან თამაშობს და 252 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მანამდე ის „რომას“, „ბრენტფორდის“ და „არსენალის“ ღირსებას იცავდა.

0.114256