საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა აწ დასრულებული სეზონი შეაჯამა. როგორც მან თქვა, ახლა სრულად საქართველოს ნაკრებზეა კონცენტრირებული.
„ხანგრძლივი სეზონი იყო ლევანტესთან ერთად, უდიდესი გამოცდილებით. სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ მიზანს, რომელიც დავისახეთ სეზონის დაწყებამდე, თუმცა თუ გინდა მიაღწიო მიზანს, დამარცხების შემდეგაც კი უნდა ადგე და გააგრძელო ბრძოლა. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ! მადლობა გულშემატკივრებს კარგ და მძიმე პერიოდში მიღებული მხარდაჭერისთვის. მალე შევხვდებით.
ახლა კი, დროა, სრულად ვკონცენტრირდე საქართველოს ნაკრებზე, რათა გავაკეთო ყველაფერი, რომ საუკეთესოდ წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და ლევანტეს სახელი“, - დაწერა ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ავსტრიაში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. მან ცოტა ხნის წინ „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.