საქართველოს 7-კაცა 5 ივნისს გამთენიისას ხორვატიაში მიემგზავრება, სადაც 7-9 ივნისს საკურორტო ქალაქ მაკარსკაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ითამაშებს.
ბასიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები ა ჯგუფში 2023 წლის ჩემპიონი ირლანდიის, მასპინძელი ხორვატიის და გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებენ. ბ ჯგუფში პორტუგალია, იტალია, უკრაინა და საფრანგეთი, ხოლო გ ჯგუფში დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ლიეტუვა და ესპანეთი მოხვდნენ.
7 ივნისს საქართველო გერმანიას და ხორვატიას დაუპირისპირდება, ჯგუფურ ეტაპს კი 8 ივნისს ირლანდიასთან მატჩით დაასრულებს. სამივე ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის, დანარჩენი 4 გუნდი კი მე-9 ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატი ორ ეტაპად იმართება და ჩვენი გუნდის მიზანი 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზურის მოპოვებაა. ამისათვის აუცილებელია, რომ საქართველომ ორი ეტაპის ჯამში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავოს. ირლანდია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი მსოფლიო სერიის მონაწილეები არიან, მათ გარდა სამი საუკეთესო ევროპული გუნდი კი ჩელენჯერის სერიის საგზურს მიიღებს.
ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ უკვე შეარჩიეს ის 13 მოთამაშე რომლებიც საქართველოს ღირსებას ხორვატიაში დაიცავენ. ბენიდორმის (ესპანეთი) გასახურებელი ტურნირის მოგების შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ იოსებ მათიაშვილი, თემურ კოხოძე და ამირან შვანგირაძე.
7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის პირველ ეტაპზე (მაკარსკა, ხორვატია)
გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, საბა არჩვაძე, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა, ამირან შვანგირაძე, იოსებ მათიაშვილი, თემურ კოხოძე.
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე
ფიზ. მომზადება: გიორგი მაისურაძე
ექიმი: გიორგი გვაზავა
ფიზიო: დავით კობახიძე
ვიდეო ანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი
მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე
RUGBY.GE