ფეხბურთი

22:00 | 2.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ "მეცი" ლიგა 2-ში გავარდნისგან ვერ გადაარჩინა

„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ს დაემშვიდობა, რადგან პლეი-ოფის ორმატჩიანი დუელი „სენტ ეტიენთან“ დრამატულ ბრძოლაში წააგო.

„სენტ ეტიენმა“ ჯერ შინ 2:1 მოიგო, ხოლო მეცში 120 წუთი გახდა საჭირო გამარჯვებულის გამოსავლენად და საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონმა ორი მატჩის ჯამში 4:3 მოიგო.

მეექვსე წუთზე პაპე დიალომ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და „მეცი“ მძიმე ვითარებაში ჩააგდო. შესაბამისად, ლაშლო ბოლონის გუნდს 114 წუთი (პლუს კომპენსირებული წუთები) მეტოქესთან შედარებით რიცხობრივ უმცირესობაში მოუწია თამაში.

სწრაფი გაძევების მიუხედავად, „მეცს“ ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა თამაშის და 25-ე წუთზე 2:0 დაწინაურდა. ჯერ ლამინე კამარამ გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე გაიტანა და „მეცი“ ლიგა 1-ში დატოვებას მიუახლოვდა.

თუმცა, 35-ე წუთზე სტუმრებმა გაიტანეს, სხვაობა შეამცირეს, ხოლო ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინეს. მერე არაფერი შეცვლილა, სანამ 117-ე წუთი არ დადგა, როცა იბრაჰიმა ვაჯიმ გაუტანა მასპინძლებს და ფრე - 2:2. შედეგად, „სენტ ეტიენმა“ ორი მატჩის ჯამში 4:3 გაიმარჯვა და ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ლიგა 1-ში.

„მეცი“ კი, გავარდა და მომდევნო სეზონში ლიგა 2-ში ითამაშებს. ფრანგულმა კლუბმა გიორგი მიქაუტაძე გამოისყიდა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ „მეცში“ დარჩეს, სავარაუდოდ, მას სხვა კლუბში გაყიდიან.

გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით აწ დასრულებულ სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. ის ახლა ავსტრიაში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს.

0.129731