საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება დაიწყო. 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის 4 ვაკანტური საგზურიდან ერთი გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი). ლატვიის გარდა ანალოგიური, 6-გუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ასევე ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.
გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეულ ლოკაციაზე მოასპარეზე 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. ნახევარფინალში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში რომ გავიდეს, ჯგუფში 2 მატჩიდან მინიმუმ 1 უნდა მოიგოს. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები 2 ივლისს მასპინძელ ლატვიას შეხვდება, ხოლო 4-ში – ფილიპინებს. სწორედ ამ მატჩებისთვის სამზადისს იწყებს საქართველოს ნაკრები 1 ივნისიდან. შეკრება რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი, მთლიანობაში კი ნაკრებში 22 კალათბურთელია გამოძახებული (იხილეთ პოსტერი).
ჩვენს ნაკრებში ერთი დანაკლისია: გიორგი შერმადინს ნეკნისა და ფილტვის ტრავმის გამო სეზონის ნაადრევად დასრულება მოუხდა, მკურნალობის პროცესშია და ჯერ გაურკვეველია, როდის შეძლებს ვარჯიშების განახლებას. ის ჩვენს ნაკრებს ლატვიაში ვერ დაეხმარება.
შეკრების პირველი ეტაპი თბილისში, 1-დან 9 ივნისის ჩათვლით გაიმართება, რომელშიც უმეტესად საქართველოში მოთამაშე კალათბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. 3 ლეგიონერი, რომელთაგან ორს სეზონი ჯერაც არ დაუსრულებია, ხოლო ერთი ამერიკაში იმყოფება, ეროვნულ გუნდს იტალიაში შეუერთდება. ლაპარაკია იტალიურ ვირტუს ბოლონიაში მოთამაშე თორნიკე შენგელიასა და თელ ავივის მაკაბის წევრ ჯო ტომასონზე, რომელთა გუნდებიც თავიანთი ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძვიან. რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, იგი ამერიკაში იმყოფება და შენგელია-ტომასონის მსგავსად ნაკრებს ტრევიზოში შეუერთდება. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, ის თბილისშია და შეკრებაზეც იქნება, უბრალოდ ვარჯიშებში აქტიურად ვერ ჩაერთვება, რაც ნბა-ს ცნობილი რეგულაციის გამოა, რომლის თანახმადაც ნბა-ს მოთამაშეს ეროვნულ ნაკრებში ვარჯიშის დაწყება ოფიციალურ თამაშამდე 2 კვირით ადრე შეუძლია.
იტალიურ შეკრებაზე ლეგიონერებთან ერთად ნაკრებში ის მოთამაშეები იქებიან, რომლებიც თბილისურ შეკრებაზე თავს გამოიჩენენ. ტრევიზოში წამსვლელ შემადგენლობას ალეკსანდარ ჯიკიჩი და მისი ასისტენტები – ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი თბილისური შეკრების ბოლოს, სავარაუდოდ, 9 ივნისს დაასახელებენ.
საქართველოს ნაკრები იტალიაში მოემზადა შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატისთვისაც. პატარა, მაგრამ სპორტული ინფრასტრუქტურით მოწესრიგებულ ტრევიზოში სავარჯიშოდ იდეალური პირობებია შექმნილი. ჩვენი ნაკრები ქალაქის განაპირას, სასტუმრო Maggior Consiglio-ში იცხოვრებს, რომლის გვერდზეც არის გრანდიოზული სპორტული კომპლექსი La Ghirada. სწორედ ამ ბაზაზე, 11-დან 20 ივნისამდე საქართველოს ნაკრები ყოველდღიურად მოემზადება, რის შემდეგაც ტრევიზოდან ავტობუსით 2 საათის სავალ გზაზე მდებარე ქალაქ ტრენტოში გაემგზავრება, სადაც 23 ივნისს, ასევე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის სამზადისში მყოფ იტალიის ეროვნულ გუნდთან სპარინგ-მატჩს გამართავს.
მატჩის მეორე დღეს, საქართველოს ნაკრები გეზს ლატვიისკენ აიღებს, სადაც საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებამდე დასკვნით შეკრებას გამართავს. ჩვენი გუნდი ქალაქ იურმალაში დაბანაკდება, სადაც ვარჯიშებთან ერთად 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს – 26 ივნისს კამერუნთან, რომელიც რიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილეა და ეგვიპტესთან, 28 ივნისს.
როგორც გითხარით, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2 ივლისს დაიწყება და საქართველო ჯერ ლატვიასთან ითამაშებს, ხოლო 2 დღეში ფილიპინებს დაუპირისპირდება. ჯგუფიდან გასული გუნდები ნახევარფინალს 6 ივლისს ითამაშებენ, ხოლო ფინალი 7-შია დანიშნული.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
რატი ანდრონიკაშვილი (სარაგოსა), ოთარ ფხაკაძე (დელტა), გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი), ლუკა მაზიაშვილი (კავკასია), დუდა სანაძე (პაკში), ჯო ტომასონი (მაკაბი), დავით კაკუშაძე (ვსა), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კავკასია), კაბა ჯინჭარაძე (თსუ), ცოტნე ცარციძე (დაკოტა), ალექსანდრე მერკვილაძე (მერიმაუნტი), ოთარ ბულიავა (ბათუმი), ნიკოლოზ მეცხვარიშვილი (მონროუ), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), თორნიკე შენგელია (ვირტუსი), სანდრო მამუკელაშვილი (სან ანტონიო), ბექა ბურჯანაძე (კორუნია), გიორგი კორსანტია (ქუთაისი), ბექა ბექაური (თსუ), გოგა ბითაძე (ორლანდო), გიორგი ტურძილაძე (დელტა), გიორგი ბაქრაძე (ივერიონი), ილია ლონდარიძე (კავკასია).
GBF.GE