ფეხბურთი

12:31 | 1.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: "ალეგრის თუ შევხვდები, მივესალმები, მაგრამ ყავაზე არ დავპატიჟებ"
ბონუჩის ოცნება "იუვენტუსის" მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგის მოგებაა

ლეონარდო ბონუჩიმ კარიერა დაასრულა და მწვრთნელობას აპირებს. როგორც მან Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში თქვა, მისი ოცნებაა, რომ „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგოს მწვრთნელის რანგში.

ბონუჩიმ ასევე ისაუბრა მასიმილიანო ალეგრიზე, რომელთან კონფლიქტის გამო ტურინული კლუბის დატოვება ორჯერ მოუწია.

„ალეგრის ბოლოს 2023 წლის მაისში, უდინეში ვესაუბრე. ყველა ისე იქცევა, როგორც ფიქრობს, რომ უმჯობესია. იქიდან გამომდინარე, რაც ერთად გამოვიარეთ, ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა სიტუაცია უკეთესად გვემართა. თუ მას კაფეში შევხვდები, მივესალმები, მაგრამ ყავაზე ნამდვილად არ დავპატიჟებ.

ვისურვებდი, რომ „იუვენტუსში“ ჩემი კარიერა სხვაგვარად დასრულებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. ბრაზის გავლის და დაფიქრების შემდეგ, სასამართლოს გზაზე უარის თქმა სწორი იყო, რადგან ჩემთვის „იუვენტუსი“ ყოველთვის ყველაფერი იყო, მაშინაც, როცა ოთახში ჩემს ძმასთან ერთად ვთამაშობდი, სიყვარული ხელუხლებელი რჩება.

ჩემი ოცნება „იუვენტუსის“ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, რაც როგორც იცით, ფეხბურთელობისას ვერ მოვახერხე. თუ ჯორჯო (კიელინი - რედ), გუნდის გენერალური დირექტორი გახდება, ორმაგი ურთიერთობა გვექნებოდა, პროფესიული და მეგობრული. თუმცა, მანამდე ორივეს ბევრი გვაქვს სასწავლი.

ტიაგო მოტა? ის პირდაპირი ადამიანი, რომელსაც ძლიერი ხასიათი აქვს. ძალიან მომწონს, ყველაფერი აქვს, რომ „იუვენტუსს“ თანამედროვე ფეხბურთი ათამაშოს და კარგ შედეგებს მიაღწიოს. თუმცა, დრო უნდა მისცენ. მისით აღტაცებული ვიყავი, როცა ნაკრებში ერთად ვთამაშობდით. ევრო 2012-ზე პირველ ტურში ესპანეთთან ფრე რომ ვითამაშეთ, მან თქვა: თუ ასე, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ, ფინალში ესპანეთს შევხვდებით“. მას ყოველთვის მკაფიო იდეები აქვს“, - თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩიმ 2010-2017 და 2018-2023 წლებში „იუვენტუსის“ მაისურით 502 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა. მან კარიერა ცოტა ხნის წინ „ფენერბაჰჩეში“ დაასრულა.

0.112783