ფეხბურთი

11:52 | 1.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: დე ლაურენტისის პოზიცია უცვლელია, კვარაცხელია არ იყიდება

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს. ფრანგულ L’Equipe-ში გავრცელებული ცნობის შემდეგ, რომლის მიხედვით ქართველმა პარიზელებს ტრანსფერზე თანხმობა განუცხადა, იტალიური პრესა წერს, რომ მიუხედავად ამისა, „ნაპოლი“ ხვიჩას შენარჩუნებაზე მუშაობს.

Gazzetta Dello Sport-ი, Sky Sport-ი და Corriere Dello Sport-ი იტყობინებიან, რომ ნეაპოლელთა ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა მამუკა ჯუღელს ესაუბრა. მხარეები მუშაობენ კონტრაქტის განახლებაზე. ჯერ შეთანხმებაზე დისტანცია არსებობს, თუმცა, ორივე მხარის სურვილია თანამშრომლობის გაგრძელება.

მანასა და კვარას წარმომადგენლების დიალოგი გუშინ შედგა. არაა გამორიცხული კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადება, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება, რათა „ნაპოლიმ“ ქართველი ვარსკვლავი ამ ზაფხულს, მინიმუმ ერთი სეზონით შეინარჩუნოს.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ აურელიო დე ლაურენტისის გეგმა უცვლელია - ხვიჩას გაყიდვას არ აპირებს და მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ, რომელშიც გამოსასყიდ პუნქტსაც შეიტანენ. აღსანიშნავია ანტონიო კონტეს მოთხოვნაც, რომელსაც ფეხბურთელის შენარჩუნება სურს.

ფრანგული მედია წერდა, რომ პსჟ კვარაცხელიაში 60 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თუმცა ეს ძალიან დაბალი ფასია იმასთან შედარებით, რა ფასადაც იტალიური კლუბი 23 წლის შემტევის გაყიდვას განიხილავს. ფაქტი კი, ისაა, რომ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.118719