ფეხბურთი

11:05 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია თუ დარჩება, ვფიქრობ, კონტე სამი შემტევით ითამაშებს"
"ნაპოლიში" შეიძლება ფედერიკო კიეზა გადავიდეს

იტალიელმა ჟურნალისტებმა, ბორის სოლაცომ და დარიო სარნატარომ ანტონიო კონტეს ახალ „ნაპოლიზე“ ისაუბრეს. ისინი ფიქრობენ, რომ „ნაპოლი“ 3 შემტევით ითამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ კონტე ცნობილია, როგორც 3-5-2 სქემის მიმდევარი მწვრთნელი.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ აქტიურად უკავშირებენ ფედერიკო კიეზას. გავრცელებული ცნობით, დიდი შანსია კონტემ ნეაპოლში „იუვენტუსის“ ფეხბურთელის ტრანსფერი მოითხოვოს. საგულისხმოა ისიც, რომ კონტე კიეზას ოჯახის ახლო მეგობარია.

ბორის სოლაცო (ჟურნალისტი): „დიბალასა და ლუკაკუს შორის არგენტინელს ავირჩევდი. დიბალას ჟიელინსკის ხელფასი აქვს, მისი დამატება შესაძლებელია. მინდა, ვნახო დიბალა, კვარაცხელიას და სიმეონეს ტრიო. ჩემი აზრით, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კონტეს ხელში ბოძიც კარგად ითამაშებს, სიმეონეს კი, თავისუფლად შეუძლია მისი ხელმძღვანელობით სეზონში 20-ზე მეტი გოლი გაიტანოს“.

დარიო სარნატარო (ჟურნალისტი): „15 მილიონი და სიმეონე ფედერიკო კიეზას ტრანსფერში? მე ამას დავთანხმდებოდი. ველოდები, რომ კონტე 3 შემტევით ითამაშებს, ცხადია, თუ კვარაცხელია დარჩება“.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე ჯერ ოფიციალურად არ დანიშნულა "ნაპოლის" მწვრთნელად, მაგრამ როგორც იტალიური მედია იტყობინება, ეს მხოლოდ დროის საკითხია.

0.116609