კახა ცხადაძემ „გაბალასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც აზერბაიჯანული კლუბის ვებგვერდი იტყობინება, ქართველი სპეციალისტი გუნდში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.
მასთან ერთად სამწვრთნელო შტაბში გიორგი ჩიხრაძეც იმუშავებს. ცხადაძემ „გაბალა“ მიმდინარე წლის თებერვალში ჩაიბარა. „გაბალა“ აზერბაიჯანის პრემიერლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და მომდევნო სეზონში უმაღლეს დივიზიონში დასაბრუნებლად იბრძოლებს.
კახა ცხადაძე აზერბაიჯანში ბაქოს „სტანდარდის“ და ბაქოს „ინტერის“ მწვრთნელი იყო, რომელსაც ერთხელ ჩემპიონობაც მოაპოვებინა. გარდა ამისა, 55 წლის ქართველ სპეციალისტს თბილისის „ლოკომოტივში“, „დინამო თბილისში“, ბოლნისის „სიონში“, საქართველოს ეროვნულ და 21-წლამდე ნაკრებებში, „კაირატსა“ და „ორდაბასიში“ აქვს ნამუშევარი.
ცხადაძემ მწვრთნელის რანგში ორჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, ხოლო თითოჯერ აზერბაიჯანის ჩემპიონატი, საქართველოს და ყაზახეთის სუპერთასები.