„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ ლიგა 1-ში დასარჩენი პლეი-ოფის პირველ მატჩამდე ისაუბრა.
„სენტ ეტიენთან“ საგარეო შეხვედრამდე რუმინელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ცოცხალია და სურს ბოლომდე ასე დარჩეს.
„რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ პირდაპირ დავრჩენილიყავით, მაგრამ ალბათ არ გვქონდა საკმარისი ძალა, რომ საჭირო დროს მეტი გამარჯვება მოგვეპოვებინა. ამ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ცოცხლები ვართ და გვინდა, ბოლომდე ასე დავრჩეთ.
ჯალოუს გარდა, ყველა ფეხბურთელი მზადაა სათამაშოდ. ვიცით, რომ მენტალურად სიძლიერე დაგვჭირდება, რადგან ისეთ ადგილას ვითამაშებთ, სადაც დიდი საფეხბურთო კულტურაა. პსჟ-მდე, „ლიონამდე“ და „მარსელამდე“ „სენტ ეტიენი“ იყო. ეს კულტურა ჩანს სტადიონზე, სადაც ტრიბუნები ყოველთვის სავსეა ფანებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, ზოგჯერ ძალიან ბევრსაც. ამ პირობებში ცხადია, რომ ძლიერები უნდა ვიყოთ.
არ მინდა ვთქვა, რომ შიში არ არსებობს, მაგრამ ეს პირველია, რაც გვერდზე უნდა გადავდოთ. თუ თავდაჯერებული არ ხარ, ამ პროფესიაში ვერაფერს გააკეთებ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფანები მოვლენ სტადიონზე და დაგვეხმარებიან, ასევე ვიმედოვნებ, რომ ფანებს შორის შეტაკება არ იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენი გულშემატკივრები უმცირესობაში იქნებიან, მაგრამ ჩვენს სტადიონზე „სენტ ეტიენის“ ფანები იქნებიან უფრო ცოტანი.
გამოცდილება ასეთ მატჩებში მნიშვნელოვანია? რას ნიშნავს გამოცდილება? მყავდა გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც პრობლემებს მიქმნიდნენ, ასევე მყოლია ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც გუნდისთვის გამოსავალს წარმოადგენდნენ. მთავარია, გყავდეს ლიდერები, რომლებიც გუნდს წინ გაუძღვებიან, ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, - თქვა ბოლონიმ.
შეგახსენებთ, რომ „მეცი“ „სენტ ეტიენს“ 30 მაისს ესტუმრება, ხოლო 2 ივნისს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.