რაგბი

21:04 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სარაგბო ფესტივალი ‘აიამ’ მოიგო

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის ინიციატივით, რაგბის კავშირის აჭარის ფილიალის ორგანიზებითა და ჟურნალ Rugby World Georgia-ს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის რაგბის სტადიონზე 15-წლამდელთა 7-კაცას ტურნირი გაიმართა.

ტურნირში დასავლეთ საქართველოს 10-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და პირველ ეტაპზე გუნდები კენჭისყრით ორ ჯგუფში გადანაწილდნენ, საიდანაც ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავიდა, მომდევნო ორ-ორი გუნდი მე-5 ადგილის ნახევარფინალში, ჯგუფის მეხუთეადგილოსნებმა კი მე-9 ადგილისთვის ითამაშეს.

ტურნირის დაწყებამდე შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. მორაგბეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა რაგბის კავშირის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა ილია ვერძაძემ.

ჯგუფურ ეტაპზე დაძაბული თამაშები გაიმართა და ორი მათგანი ფრედ დასრულდა. მე-9 ადგილი სამტრედიის ‘ფენიქსმა’ დაიკავა, რომელმაც რაჭა-ლეჩხუმი-ლენტეხის ‘ამარანტებს’ სძლია. მე-7 ადგილისთვის წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ ‘აჭარა 3’ დაამარცხა, ხოლო მე-5 ადგილს ფოთის ‘კოლხი რაინდები’ დაეუფლა, რომელმაც ოზურგეთის ‘არწივებს’ მოუგო.

თასის ნახევარფინალში ქუთაისისა და აჭარის გუნდები გავიდნენ და მაყურებელმა ოთხი საინტერესო დაპირისპირება იხილა – ჯერ ნახევარფინალებში, მერე დასკვნით შეხვედრებში. მე-3 ადგილისთვის ‘აია 2’-მა ‘აჭარა 2’ დაამარცხა, ფინალში კი ‘აია 1’-მა ‘აჭარა 1’-ს სძლია და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ტურნირის მონაწილე ყველა გუნდს გადაეცა სიგელები და ჟურნალ Rugby World Georgia-ს ბოლო ნომრები, 6 გუნდი (1, 2, 3, 5, 7, 9) კი შესაბამისი თასით დაჯილდოვდა. ჩემპიონი ‘აიას’ მორაგბე გიორგი ცხვარაძე 7 გატანილი ლელოთი ტურნირის საუკეთესო მელელოვე გახდა და ინდივიდუალური თასი გადაეცა.

ორგანიზატორების სურვილია, რომ სამომავლოდ, ბათუმის ტურნირი ტრადიციული გახდეს, ყოველი წლის 26 მაისს გაიმართოს და ის საერთაშორისო გახდეს.

RUGBY.GE

0.115232