ფეხბურთი

17:00 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "საქართველოს ნაკრებში მთელი გუნდი ერთ მიზანზე ვართ ორიენტირებული"
გიორგი ქოჩორაშვილის ინტერვიუ ესპანურ მედიასთან

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტესთან" კონტრაქტი 2027-წლამდე გაახანგრძლივა. ესპანურ მედიაში კი, მისი ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც ძირითადად საქართველოს ნაკრებს და ქართულ ფეხბურთს შეეხება.

Lasprovincias-სთან ინტერვიუში გიორგიმ თქვა, რომ ქართულ ფეხბურთს ტალანტები ყოველთვის ჰყავდა, მაგრამ ახლა ევროპაში მათ უფრო მეტად იცნობენ, ვიდრე ადრე.

- რა განცდებს გიტოვებთ ეს სეზონი, რომელშიც „ლევანტემ“ მიზანს ვერ მიაღწია?

- მიზნის მიუღწევლობასთან შეგუება ყოველთვის ძნელია, მაგრამ ვცდილობდით თამაშების მოგებას. სხვა მატჩების შედეგებიც არ დაგვეხმარა. წინ ბოლო მატჩია, სეზონის მაქსიმალურად კარგად დასრულებას უნდა ვეცადოთ.

- რა უნდა გაუმჯობესდეს შემდეგი სეზონისთვის?

- ახლა რთულია ამის თქმა. მეც შემიძლია მომატება და გუნდისთვის მეტის გაკეთება.

- პირადად თქვენს სეზონს როგორ შეაფასებდით?

- ტრავმების გამო 8-9 თამაში გამიცდა, ვისურვებდი, რომ მეთამაშა, რადგან ასე ფეხბურთელი იზრდება და სწავლობს. თუმცა, ვფიქრობ, კარგი სეზონი ჩავატარე, „ლევანტე“ დამეხმარა ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაში, რომელთანაც ერთადაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ.

- რომელ პოზიციაზე გრძნობთ თავს ყველაზე კარგად?

- ნახევარდაცვაში ბევრი ფუნქციის შესრულება შემიძლია, რადგან აქამდეც მითამაშია, როგორც საყრდენად, ისე შუამარბად. თუმცა, ვფიქრობ, ჩემთვის საუკეთესო 8 ნომრის პოზიციაა, როცა დაცვასაც ვეხმარები და შეტევასაც. ჩემი საყვარელი პოზიცია Box-to-box-ია, საიდანაც გუნდს ყველაზე მეტად ვეხმარები.

- რას გრძნობთ, როცა ეროვნულ ნაკრებში თამაშობთ?

- ამას არ ვიცი რამდენი წელი ველოდი. 24 წლის ასაკში მივიღე ეს შანსი და ვცდილობდი გამომეყენებინა. 8-9 წლის ასაკიდან ვოცნებობდი ნაკრებში თამაშზე და ახლა მაქვს შანსი მთელი სიამაყით წარვადგინო ჩემი ქვეყანა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩვენთვის ისტორიულია. არასოდეს იცი, კიდევ როდის გექნება ასეთ ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა. ამიტომ, ვეცდები, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს დრო და ყველა ღონე ვიხმარო, რომ წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა, ასევე „ლევანტე“ და ის გუნდები, სადაც მითამაშია, რომელთა წვლილი ასევე არის იმაში, რომ მე დღეს ნაკრების ფეხბურთელი ვარ.

- საბერძნეთთან პენალტი გაიტანეთ. ნერვიულობდით?

- ყოველთვის არის ნერვიულობა, მაგრამ მაშინ იმარჯვებ, თუ მოახერხებ შიშის განზე გადადებას. ვგრძნობდი, რომ მზად ვიყავი, რადგან ამისთვის მრავალი წელი ვემზადებოდი. ამ თამაშზე და პენალტზეც კვირების განმავლობაში ვფიქრობდი. მადლობა ღმერთს ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ახლა მუშაობა უნდა გავაგრძელო ყოველდღიურად.

- ჯგუფში პორტუგალია, ჩეხეთი და თურქეთი არიან. გაქვთ სიურპრიზის შანსი?

- როგორც ყველა ქართველი, ჩვენც დიდ შედეგზე ვოცნებობთ. რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იყო, ახლა ხალხი გვთხოვს, რომ ჯგუფიდან გავიდეთ (იცინის - რედ). ჩვენი მიზანიც ესაა, მაგრამ ამისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ, ამხანაგური მატჩებით და ჯერ პირველ მატჩზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, კარგად ჩავატარებთ.

- ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაა?

- ეს არავინ იცის, მაგრამ ორი წლის წინ აქ ჩვენს ფსიქოლოგს, ხუან მიგელ ბერნატს ვესაუბრე, მას ვუთხარი: „გარწმუნებ, რომ მალე დიდ ტურნირზე ვიქნებით". ჯერ ევროპის ჩემპიონატით ვისიამოვნებთ, მაგრამ ცოტა ხნის წინ მას ისიც ვუთხარი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზეც გვნახავს. მიზანი, რა თქმა უნდა, არსებობს.

- საქართველოს კარგი ახალგაზრდა თაობა ჰყავს. რა შეიცვალა იქ ფეხბურთში, რომ კარგი თაობა წამოვიდა?

- ეჭვგარეშეა, რომ ახლა უფრო მეტი აღიარება გვაქვს, მაგრამ ქართულ ფეხბურთში ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის იყვნენ. ქართულ ფეხბურთს ახლა უფრო დიდი ხილვადობა აქვს, გიორგი მამარდაშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით. ხალხმა მათი დამსახურებით გაიგო საქართველოში არსებული ნიჭი და ეს ახალგაზრდებს მოტივაციას აძლევს, რომლებიც გვიყურებენ და სურთ იმავეს მიაღწიონ. კონკურენტუნარიანობა ყველასთვის კარგია, რადგან ასე უფრო იხვეწები.

- როგორია ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაში?

- ის საუკეთესოა. ჩვენს გუნდში ვარსკვლავია. გუნდი მას მიჰყვება, მაგრამ ერთიანები ვართ, რადგან თამაშს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვერ მოიგებს. მთელი გუნდი უნდა იყოს მიზანზე ორიენტირებული. ის ჩვენი ვარსკვლავია, მაგრამ მთელი გუნდის გარეშე მიზნის მიღწევა შეუძლებელია და ჩვენ, ყველანი ერთად ვართ.

- მამარდაშვილიც გყავთ, რომელიც დიდებული მეკარეა...

- წარმოუდგენელია, რომ ადამიანი ასე შრომისმოყვარე და თავმდაბალი იყოს. რთულია სრულყოფილად ფეხბურთელის დახასიათება, მაგრამ ჩემი აზრით, ის უმაღლესი დონის მეკარეა. ჩვენ ყველანი მზად ვართ ყოველდღიურად გავიზარდოთ. სწორედ ეს აქცევს მას საუკეთესოდ, სულ მცირე, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ და ვამაყობ, რომ გიორგისნაირი მეკარე გვყავს.

- არსებობს ჭორები, რომ დიდ კლუბში გადავა...

- ეს არ ვიცი, მას უნდა ჰკითხოთ.

- კიდევ რომელ ქართველ ფეხბურთელს გამოარჩევდით?

- გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ში, „მეცში“ თამაშობს, ასევე გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისურ „უოტფორდში“. კიდევ ერთი ძალიან კარგი ნახევარმცველი გვყავს, ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან ძალიან მაღალი კლასი აქვს და გრაცის „შტურმის“ ლიდერია. არიან მაღალი დონის ფეხბურთელები და ვიმედოვნებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მაღალ დონეზე გამოვალთ.

- ფეხბურთის გარდა, საქართველოდან არის ფენომენი ილია თოფურია...

- დიახ. არა მარტო საქართველოში და ესპანეთში, ილია თოფურიას სახელი მთელ მსოფლიოში ისმის. ეს წარმოუდგენელ მოტივაციას გაძლევს, სითამამეს და ყველაფერს, რაც საჭიროა. ის არის ადამიანი, ვისგანაც ყოველთვის ცდილობ, რომ ისწავლო. მე მას ვესაუბრები და ის არის მისაბაძი მაგალითი სპორტული სამყაროსთვის. მან ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც მოგვილოცა.

- როგორ ჩაიარა ესპანეთში ჩამოსვლამ და ადაპტაციამ?

- ბავშვობიდან ესპანეთში წასვლაზე ვოცნებობდი. როდესაც 11 წლის ვიყავი, ესპანეთმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და მას შემდეგ მინდოდა სათამაშოდ ესპანეთში წასვლა. როდესაც 18 წლის გავხდი, გამიმართლა, რომ ჟირონაში წასვლა შევძელი, სადაც ორი წელი იჯარით გავატარე. საბოლოოდ, მადლობა ღმერთს, რომ „ლევანტეში“ მოვხვდი და აქ ვაგრძელებ განვითარებას.

- რა გახსოვს „ლევანტესთან“ კონტრაქტის გაფორმების მომენტში?

- გაურკვევლობაში ვიყავი, რადგან კლუბები ფულზე ვერ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ, ჩემი ოჯახის და იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში მყავს, შევძელი „ლევანტეში“ გადასვლა. კლუბის მხრიდან ნდობა პირველივე წუთიდან ვიგრძენი და ახლაც ასეა. ამ კლუბის მადლობელი ვარ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც „ლევანტე“ იმსახურებს.

- და ბოლოს, რას ურჩევთ ტურისტებს საქართველოზე?

- წარმოუდგენელი ქვეყანაა. იქ მთები და ზღვაა, რომელიც უნდა ნახოთ. უნდა დააგემოვნონ ჩვენი ღვინო, საქართველო ღვინის სამშობლოა, ასე რომ ვამაყობთ ამით და უნდა გასინჯონ ქართული ღვინოც და საკვებიც. ყველა ჩემი მეგობარი, ვინც ჩავიდა საქართველოში, ამბობს, რომ საოცარი ქვეყანაა.

0.123609