მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა „ბეტისთან“ მატჩის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა.
მან ბოლოჯერ ითამაშა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ და განსაკუთრებით ემოციური მომენტი მისთვის ის გამოდგა, როცა დაინახა, რომ მისი შვილები ტიროდნენ.
„სხვა განცდით მიდიხარ, როცა იცი, რომ ბოლო თამაშია. ამ 85 წუთით ისე ვისიამოვნე, როგორც ყოველთვის ვიღებდი სიამოვნებას აქ თამაშით. ამ სტადიონზე ორ კვირაში ერთხელ თამაშობ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში მივხვდები, რომ ეს განსაკუთრებული იყო.
მეგონა საკმარისად ძლიერი ვიყავი, სანამ ჩემი შვილები არ დავინახე, რომლებიც ტიროდნენ, ამ მომენტმა მომკლა. „რეალი“ განსაკუთრებული გუნდია, აქ ძალიან კარგი ხალხია და თავს კომფორტულად ვგრძნობდი. მინდოდა წასვლის შესახებ მატჩის წინ გამომეცხადებინა, რომ ხვალიდან ეს დავიწყებას მიეცეს. ასე უფრო ადვილი იქნება ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება“, - თქვა კროოსმა.
შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა „რეალში“ 2014 წლიდან დღემდე 464 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. გერმანელი ნახევარმცველი კარიერას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს.