ფეხბურთი

22:49 | 25.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერნან კრესპოს "ალ აინმა" აზიის ჩემპიონთა ლიგა მოიგო (+VIDEO)

აზიის ჩემპიონთა ლიგა „ალ-აინმა“ მოიგო, რომლის მთავარი მწვრთნელი ერნან კრესპოა. აზიაში ფინალი ორრაუნდიანი და არაბეთის გაერთიანებული საამიროების გუნდმა საპასუხო შეხვედრაში იაპონური „იოკოჰამა მარინოსი“ 5:1 გაანადგურა.

იაპონელებს პირველი მატჩი შინ 2:1 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ გასვლაზე ვერაფერი გააწყვეს. პირველი ტაიმის ბოლომდე ბრძოლა იყო, „ალ-აინი“ მხოლოდ 2:1-ს იგებდა, შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში საყაიმო ანგარიში იყო (3:3).

თუმცა ტაიმის ბოლო წუთზე „იოკოჰამას“ მეკარემ, უილიამ პოპმა წითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. რიცხობრივ უმცირესობაში კი, ჰარი კიუელის „იოკოჰამამ“ აბსოლუტრად ვერაფერი შეძლო. მეორე ნახევარში მასპინძლებმა 3 უპასუხო გოლი შეაგდეს და თამაში 5:1 მოიგეს, ორი მატჩის ჯამში კი, 6:3 გაიმარჯვეს.

„ალ-აინმა“ ისტორიაში მეორედ მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგა. აზიის ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და 13 გოლით საუკეთესო ბომბარდირიც, „ალ აინის“ მაროკოელი ლეგიონერი სოფიან რაჰიმი გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში დუბლი შეასრულა.

სხვათა შორის, 2005 წლის 25 მაისს, ანუ, ზუსტად 19 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჰარი კიუელი (ლივერპული) და ერნან კრესპო (მილანი) შეხვდნენ ერთმანეთს, სტამბოლის ცნობილ ფინალში, ხოლო 19 წლის შემდეგ იმავე დღეს, ისინი, როგორც მწვრთნელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამჯერად, გამარჯვება კრესპოს დარჩა.

0.12597