ჯან პიერო გასპერინი ბერგამოს „ატალანტაში“ დარჩება, შესაბამისად, „ნაპოლიში“ მისი გადასვლა გამოირიცხა.
როგორც Corriere Dello Sport-ი წერს, გასპერინი კლუბის პრეზიდენტ ანტონიო პერკასის შეხვდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობას მომდევნო სეზონშიც გააგრძელებენ.
გასპერინის კონტრაქტი 2025 წელს ეწურება და მის ამოწურვამდე „ატალანტაში“ დარჩება, თუმცა, ასევე არის საუბარი ხელშეკრულების ორი წლით განახლებაზე.
გასპერინის გადაწყვეტილებას ბოლო მომენტამდე ელოდებოდა „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომლისთვის ის მთავარი კანდიდატი იყო, მაგრამ ახლა „აძურის“ ბოსი ყველაფერს გააკეთებს ანტონიო კონტეს მისაწვევად, რადგან გასპერინიმ „ატალანტადან“ წასვლა არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ ჯან პიერო გასპერინი „ატალანტას“ 2016 წლიდან ხელმძღვანელობს და კლუბს მისი თავკაცობით აქვს ისტორიაში საუკეთესო შედეგები. მიმდინარე სეზონში „ატალანტამ“ ევროპა ლიგა მოიგო, გარდა ამისა, მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური და იტალიის თასის ფინალშიც ითამაშა, სადაც „იუვენტუსთან“ დამარცხდა.