ფეხბურთი

19:40 | 24.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის ტრანსფერზე "მონაკო" პირველი შეთავაზების გაკეთებას აპირებს
"მეცი" გიორგის გამოსყიდვას აპირებს, "თავადები" კი ცდილობენ სხვა კლუბებს დაასწრონ

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის მიმართ „მონაკოს“ ინტერესზე ფრანგული მედია ისევ წერს.

როგორც Le10sport-ი იტყობინება, ამჟამად ყველაზე მეტად დაინტერესებული „მონაკო“, „ლილი“ და „ლიონი“ არიან. ამ ინფორმაციას სხვა ფრანგული წყაროებიც ადასტურებენ, მაგალითად RMC Sport-ი და Foot Mercato.

ჯერჯერობით, ხსენებულმა კლუბებმა ტრანსფერის პირობებზე უბრალოდ ინფორმაცია გამოითხოვეს და მზად არიან, ქმედითი ნაბიჯებიც გადადგან. ამავდროულად, Le10sport-ი წერს, რომ მეცი“ აპირებს მიქაუტაძის გამოსყიდვის, რისი გაკეთებაც „აიაქსიდან“ 13 მილიონ ევროდ შეუძლია, რათა კაპიტალის მოგება მოახდინოს.

„მეცში“ კარგად იციან, რომ თუ გააქტიურებენ გამოსასყიდ პუნქტს, რაც 13 მილიონი ღირს, შემდგომ ტრანსფერში მოგებას ნახავენ, რადგან გიორგის გაყიდვას დაახლოებით 20 მილიონად გეგმავენ. აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ფრანგულმა კლუბმა გიორგი შარშან „აიაქსს“ 16 მილიონად მიჰყიდა, ასე რომ, 3 მილიონის მოგება მხოლოდ მისი გამოსყიდვით ექნება.

თუმცა, ცხადია, მიქაუტაძე „მეცში“ არ დარჩება და ზაფხულში სხვა კლუბში გადავა. ხსენებული გამოცემა იტყობინება, რომ „მონაკო“ ყველაზე მეტადაა დაინტერესებული და ემზადება პირველი შეთავაზების გასაკეთებლად. „მონეგასკები“ ცდილობენ იჩქარონ, რათა სხვა კლუბებს დაასწრონ. „მონაკომ“ ლიგა 1-ის აწ დასრულებულ სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. მიუხედავად იმისა, რომ ის ნახევარი სეზონი სხვა ლიგაში თამაშობდა, ბომბარდირებში მაინც მოახერხა მეშვიდე ადგილის დაკავება. „მეცი“ 30 მაისს და 2 ივნისს, ლიგა 1-ში დასარჩენად პლეი-ოფში ითამაშებს.

0.117095