ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგა გრძელდება. როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, „ნაპოლიმ“ „პარი სენ-ჟერმენისგან“ 100 მილიონი ევროს შეთავაზება მიიღო.
თუმცა, როგორც ავტორიტეტული გამოცემა წერს, იმ სატრანსფერო ფანჯარაში, როცა „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენს გაყიდის, კვარას დაკარგვაც ავტოგოლი იქნება, ამიტომ, კლუბი ეცდება, რომ ის შეინარჩუნოს.
მხარეებს შორის, კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა დისტანცია არსებობს, რადგან აურელიო დე ლაურენტისი 4 მილიონ ევროს სთავაზობს ხელფასის სახით, ხოლო კვარაცხელიას გარემოცვა 5 მილიონს ითხოვს. გარდა ამისა, სადავო საკითხია გამოსასყიდი პუნქტიც, რადგან დე ლაურენტისს სურს, რომ ახალ კონტრაქტში 150 მილიონი ევრო მიუთითოს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები კიდევ გაგრძელდება. ამჯერად საკითხზე „ნაპოლის“ ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანაც იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 2022 წლიდან დღემდე 87 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა. მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.