ფეხბურთი

1:00 | 24.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიული მედია: კიტეიშვილი "შტურმში" დარჩება

გრაცის „შტურმში“ ოთარ კიტეიშვილი სავარაუდოდ დარჩება. როგორც ავსტრიული გამოცემა Krone წერს, ქართველი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

„შტურმმა“ ხელშეკრულება გაუხანგრძლივა სპორტულ დირექტორ ანდრეას შიკერს, რომელსაც „ჰოფენჰაიმი“ ეპატიჟებოდა, მაგრამ მან გრაცში დარჩენა გადაწყვიტა, რამაც შეიძლება კიტეს მომავალზე დიდი გავლენა იქონიოს.

Krone-ს ცნობით, „ნახევარდაცვის ჯადოქარი“, რაც ავსტრიაში კიტეიშვილის მეტსახელია, კლუბში დარჩება. ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია ოფიციალური არ არის.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, კარიერაში პირველად და პრიზი „კლაგენფურტთან“ მატჩის დაწყებამდე გადასცეს. მან 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. ყველა ტურნირზე კი, 40 შეხვედრაში თავი 11 გოლით და 9 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ქართველმა ფეხბურთელმა „შტურმში“ 2018 წლიდან დღემდე 185 მატჩში 40 გოლი გაიტანა და ერთხელ ჩემპიონის ტიტულის, ორჯერ კი, ავსტრიის თასის მოგება შეძლო. მას კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონობით "შტურმმა" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. ასე რომ, თუ კიტე კონტრაქტს განაახლებს, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

0.121603