ფეხბურთი

2:10 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "ყველაფერში გვაჯობეს, ეს წაგება ყველა ჩვენგანს რაღაცას გვასწავლის"

„ლევერკუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ევროპა ლიგის ფინალში „ატალანტასთან“ წაგების (0:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეტოქემ მის გუნდს ყველაფერში აჯობა და ამ მარცხისგან ყველა მათგანი ისწავლის.

„დღეს „ატალანტა“ ჩვენზე უკეთესი იყო, სხვაგვარად თქმა არ შეიძლება. ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა, პირველი გოლის შემდეგ „ატალანტამ“ ბევრი ენერგია მიიღო. ჩვენი დღე არ იყო, სამწუხაროა, რომ ეს ფინალში მოხდა, მაგრამ არაფრის გაკეთება შეგვიძლია გარდა იმისა, რომ მომხდარს შევეგუოთ.

თამაშს მოგვიანებით გავაანალიზებთ, მაგრამ შეცდომები იყო, მათ შორის ჩემიც. ერთი-ერთზე ბევრი დუელი წავაგეთ. ამ თამაშისგან ყველა ვისწავლეთ, მათ შორის მეც. გერმანიის თასის ფინალის წინ ჩვენზე ეს წაგება ცუდად იმოქმედებს? ფეხზე წამოდგომა ადვილი არ იქნება, მაგრამ ის სხვა თამაშია და ვეცდებით, საუკეთესოდ მოვემზადოთ.

გასპერინის მივულოცე, მან რამდენიმე ფინალი წააგო, მაგრამ დღეს მისი გუნდი საუკეთესო იყო. „ატალანტამ“ აბსოლუტურად ყველაფერში გვაჯობა“, - თქვა ჩაბი ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენი“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა და 51-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა. „ფარმაცევტები“ სეზონს 25 მაისს, გერმანიის თასის ფინალით დაასრულებენ, სადაც „კაიზერსლაუტერნს“ დაუპირისპირდებიან.

„ატალანტა“ პირველი იტალიური გუნდია, რომელმაც უეფას თასი/ევროპა ლიგა მოიგო 1999 წლის შემდეგ, როცა ეს „პარმამ“ გააკეთა. ბერგამოულმა გუნდმა ტიტული 61-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო და ის გასპერინის კარიერაშიც პირველია.

0.132006