ფეხბურთი

0:31 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

As-ი მამარდაშვილზე: მე-100 მატჩი და დამშვიდობება "ვალენსიასთან"?

ესპანური გამოცემა As-ი გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს, რომელმაც შეიძლება 25 მაისს, ვიგოს „სელტას“ წინააღმდეგ „ვალენსიაში“ ბოლოჯერ ითამაშოს.

აღსანიშნავია, რომ ეს გიორგისთვის „ღამურების“ რიგებში მე-100 ოფიციალური თამაში იქნება და ესპანურ გაზეთშიც ამ დამთხვევაზე დაწერეს:

„გიორგი მამარდაშვილი „მესტალიას“ გასულ კვირას „ჟირონასთან“ წაგების შემდეგ დაემშვიდობება. რამდენიმე წუთიანი ჩაფიქრების შემდეგ, ქართველმა ტრიბუნებს ტაში დაუკრა და „ვალენსიას“ ლოგოს აკოცა. ბევრისთვის ეს ჟესტი იმას ნიშნავდა, რომ დაემშვიდობა ადგილს, რომელიც მისი სახლი იყო 2021 წლიდან. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მისთვის ბრძოლაში „ნიუკასლი“ შევიდა. საწყისი მოლაპარაკებები უკვე შედგა და ახლა „ვალენსია“ აპირებს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე 40 მილიონად გაყიდოს.

მამარდაშვილი შესაძლოა მომდევნო სეზონში პრემიერლიგაში წავიდეს, თუმცა „ლოს ჩე“ გაყიდვას არ ჩქარობს. ყოველი შემთხვევისთვის, „ვალენსიას“ ორწლიანი კონტრაქტით სტოლე დიმიტრიევსკი შეუერთდება. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს ამ ზაფხულს, კვირას მამარდაშვილისთვის განსაკუთრებული მატჩია. ვიგოში ქართველისთვის შეიძლება „ვალენსიაში“ გატარებული დრო დასრულდეს. თუ ის წავა ამ მატჩს ექნება სიმბოლური მნიშვნელობა, მაგრამ არის კიდევ ერთი ასპექტი, რომლის გამოც გიორგი „ბალაიდოსზე“ ჩატარებულ შეხვედრას არ დაივიწყებს.

„სელტას“ წინააღმდეგ ქართველი მეკარე „ვალენსიას“ მაისურით მე-100 ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს, რადგან დიდი ალბათობით, რუბენ ბარახა მას ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს. სათადარიგო გუნდის გასაძლიერებლად 2021 წელს შეძენილ მამარდაშვილმა ხოსე ბორდალასის ნდობა სწრაფად დაიმსახურა. მან „ვალენსიას“ შემადგენლობაში ამ დრომდე 99 მატჩი ჩაატარა - 89 ლა ლიგაში, 6 ესპანეთის თასზე და 1 ესპანეთის სუპერთასზე. ეჭვგარეშეა, რომ წელს იყო მისი საუკეთესო სეზონი, რომელშიც მან დაიმსახურა კლუბების ყურადღება და რომლებიც მზად არიან მასში 40 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ“, - წერს As-ი.

0.115126