ფეხბურთი

20:37 | 21.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელთან ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია

„ვალენსია“ „რაიო ვალეკანოს“ მეკარე სტოლე დიმიტრიევსკის შეუთანხმდა, რაც დიდი ალბათობით, იმას ნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილის გაყიდვა გადაწყვეტილია.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და 30 წლის ჩრდილომაკედონიელმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. ის „ვალენსიას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გამოცემა AS-იც წერს, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ ხელშეკრულების პირობები ცოტა განსხვავებულია - 2+2-წლიანი კონტრაქტი, თუმცა, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.

გიორგი მამარდაშვილი ბოლოს „ნიუკასლს“ დაუკავშირეს, რომელიც მზადაა 23 წლის ქართველ მეკარეში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. დაინტერესებული არიან სხვა კლუბებიც. ქართველი „მესტალიას“ ბოლო მატჩში თითქოს დაემშვიდობა და დიდი შანსია, ზაფხულში გუნდი შეიცვალოს.

გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიაში“ 2021 წლიდან დღემდე 99 მატჩი აქვს ჩატარებული და დიდი ალბათობით, მისი ვალენსიური კარიერა 100 თამაშით დასრულდება.

სტოლე დიმიტრიევსკის „კადისში“, „გრანადაში“, „ხიმნასტიკსა“ და „რაიო ვალეკანოში“ აქვს ნათამაშები. ჩრდილოეთ მაკედონიის მეკარეს მადრიდულ გუნდში 186 მატჩი ჩაუტარებია.

0.117885