ფეხბურთი

0:50 | 21.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვეს" საოცარი ქამბექი 8 წუთში "ბოლონიასთან" (+VIDEO)
"იუვემ" სერია A-ში ისტორიაში პირველად არ წააგო მატჩი, რომელშიც სამბურთიანი ჩამორჩენა ჰქონდა

იტალიის სერია A-ს 37-ე ტური „ბოლონიას“ და „იუვენტუსის“ მატჩით დასრულდა, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა.

ორივე გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოპოვებული აქვს, თუმცა მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფდნენ 67-67 ქულით, ამიტომ გარკვეული ინტრიგა თამაშს მაინც ჰქონდა.

ამბობენ, რომ „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტა ზაფხულში „იუვენტუსს“ ჩაიბარებს, ხოლო ტურინელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა პაოლო მონტეროს, რომელმაც მასიმილიანო ალეგრი შეცვალა და „იუვეს“ დროებითი მწვრთნელია.

თამაში ბოლონიამ ფანტასტიკურად დაიწყო. პირველივე წუთზე ვოიცეხ შჩესნიმ საოცარი სეივით იხსნა თავისი გუნდი, მაგრამ კუთხურიდან, რომელიც ამ მომენტს მოჰყვა, მასპინძლებმა მაინც გაიტანეს. გოლი რიკარდო კალაფიორის ანგარიშზეა, რომელიც დიდებულ სეზონს ატარებს.

მე-11 წუთზე სანტიაგო კასტრომ მეორედ გაუტანა „იუვეს“. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ცენტრალურმა მცველმა კალაფიორიმ დუბლი შეასრულა, როცა ფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა და ფორვარდივით იმოქმედა. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ კალაფიორი ზაფხულში „იუვეს“ მთავარი სამიზნე იქნება... კალაფიორი სულ რაღაც მეოთხე მცველია, რომელმაც სერია A-ში "იუვენტუსს" ერთ მატჩში ორი გოლი გაუტანა.

„ბოლონია“ 3:0 დაწინაურდა და აშკარად სჯაბნიდა მეტოქეს. თუმცა, მონტეროს გუნდმა მაინც არ წააგო. 76-ე წუთზე ფედერიკო კიეზამ შეამცირა სხვაობა, 83-ე წუთზე არეკ მილიკმა ჯარიმა დაარტყა დიდებულად, ხოლო ერთი წუთის შემდეგ ქენან ილდიზმა სულაც გაათანაბრა - 3:3! "იუვემ" სერია A-ში ისტორიაში პირველად არ წააგო მატჩი, რომელშიც სამბურთიანი ჩამორჩენა ჰქონდა.

ასე რომ, სატურნირო ცხრილში სიტუაცია უცვლელი დარჩა, ეს გუნდები 68-68 ქულით იყოფენ მესამე-მეოთხე ადგილს, თუმცა, მათზე წინ პოტენციურად უკვე „ატალანტაა“, რომელსაც 2 ქულით და თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ბერგამოელები დარჩენილ ორივე მატჩს თუ მოიგებენ, უცილობლივ მესამე ადგილს დაიკავებენ.

„იუვენტუსისთვის“ სერია A-ში ეს იყო ზედიზედ მეექვსე ფრე... ბოლო ტურში ტურინელები „მონცას“ უმასპინძლებენ, „ბოლონია“ „ჯენოას“ ესტუმრება.

0.062694