ავსტრიული გამოცემა Ligaportal-ი „შტურმის“ ჩემპიონობის რამდენიმე მიზეზის შესახებ წერს და ერთ-ერთი ოთარ კიტეიშვილია.
ქართველი ფეხბურთელის შესახებ აღნიშნულ ვებგვერდზე წერია, რომ მას ზეიმისთვის რამდენიმე მიზეზი აქვს:
„პატარა კრეატიული გონება მართლაც დიდია: ოთარ კიტეიშვილს ზღაპრული სეზონი ჰქონდა. მას გრანდიოზული ფინალის ყურება მოუწია, რადგან დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა, მაგრამ 2023-2024 წლების სეზონში თავისი კვალი დატოვა და ახლა რამდენიმე მიზეზი აქვს ზეიმისთვის! ჩემპიონი და ავსტრიის თასის გამარჯვებული, რითაც დუბლი შეასრულა. ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და „შტურმის“ საუკეთესო ბომბარდირი 9 გოლით.
და: ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ნაკრებთან ერთად, რომელმაც პირველად მოახერხა დიდ ტურნირზე კვალიფიცირება, სადაც ვილი სანიოლის გუნდი F ჯგუფში ითამაშებს თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის წინააღმდეგ“, - წერს Ligaportal-ი.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, კარიერაში პირველად და პრიზი „კლაგენფურტთან“ მატჩის დაწყებამდე გადასცეს. მან 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. ყველა ტურნირზე კი, 40 შეხვედრაში თავი 11 გოლით და 9 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ქართველმა ფეხბურთელმა „შტურმში“ 2018 წლიდან დღემდე 185 მატჩში 40 გოლი გაიტანა და ერთხელ ჩემპიონის ტიტულის, ორჯერ კი, ავსტრიის თასის მოგება შეძლო. მას კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.
აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონობით "შტურმმა" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. ასე რომ, თუ კიტე კონტრაქტს განაახლებს, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.