ძიუდო

16:41 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილს ერთი მოგება აშორებს ბრინჯაოს მედლამდე.

66 კგ წონით კატეგორიაში მარგველაშვილმა რუსი მურად ჩოპანოვი და უზბეკი სარდორ ნურილაევი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი იაპონელ ტაკეში ტაკეოკასთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მონღოლ ერხემბაიარ ბატოგტოხს შეხვდა, რომელიც დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე კი, იტალიელი მატეო პირასი იქნება.

73 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გამოვიდა, მაგრამ ორივემ პირველივე შეხვედრა წააგო. გიორგი ტერაშვილი ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბასთან, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი მონღოლ ანხზაია ლავიარგალთან დამარცხდა.

ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ნინო ლოლაძემ იასპარეზა, რომელმაც პირველ წრეში არგენტინელ ბრისა გომესს აჯობა, მაგრამ შემდეგ ბულგარელ იველინა ილიევასთან მარცხი განიცადა და ასპარეზობა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერჯერობით, ერთი ოქროს მედალია, რომელიც 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.

0.117437