გრაცის „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა განაცხადა, რომ ოთარ კიტეიშვილთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად კლუბი ყველაფერს გააკეთებს.
ავსტრიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ მან ამ საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ განსხვავებული არგუმენტები აქვთ, რაშიც იმას გულისხმობდა, რომ „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, რაც სპორტული თვალსაზრისის გარდა, ფინანსური გარანტიაცაა.
„4 წლის წინ დაუჯერებელი იყო, რომ ამას შევძლებდით, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე სწორი მუშაობით, საჭირო მწვრთნელის პოვნით მოვახერხეთ. „ზალცბურგს“ ყოველ წელს ვუახლოვდებოდით და ახლა ვაჯობეთ, ვფიქრობ, დამსახურებულად. ახლა ფეხბურთელებთან განსხვავებული არგუმენტები გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს და დავიდ აფენგრუბერს კონტრაქტები გავუხანგრძლივოთ და ვეცდებით, საუკეთესო შემადგენლობა შევინარჩუნოთ. თუმცა პატარა ცვლილებები ცუდი არასდროსაა. რაც შეეხება ჩემს პირად მომავალს, ჩემპიონთა ლიგა ძალიან მიმზიდველია, ეს ყოველდღე არ ხდება. მომავალ კვირაში მივიღებ გადაწყვეტილებას“, - თქვა შიკერმა.
ოთარ კიტეიშვილსაც მოუწია თავის მომავალზე საუბარი, მაგრამ კონკრეტული ისევ არაფერი უთქვამს: „შტურმმა“ ბევრი რამ მომცა და ამ კლუბთან ერთად ყველა ტურნირზე თამაში მინდა. დრო გვიჩვენებს, რა მოხდება მომავალში“.
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, კარიერაში პირველად და პრიზი „კლაგენფურტთან“ მატჩის დაწყებამდე გადასცეს. მან 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. ყველა ტურნირზე კი, 40 შეხვედრაში თავი 11 გოლით და 9 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ქართველმა ფეხბურთელმა „შტურმში“ 2018 წლიდან დღემდე 185 მატჩში 40 გოლი გაიტანა და ერთხელ ჩემპიონის ტიტულის, ორჯერ კი, ავსტრიის თასის მოგება შეძლო. მას კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.
აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონობით "შტურმმა" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. ასე რომ, თუ კიტე კონტრაქტს განაახლებს, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.