ესპანელი მცველი ხესუს ნავასი დათანხმდა „სევილიას“ შეთავაზებას უვადო კონტრაქტის გაფორმებაზე.
„წითელ-თეთრების“ პრესსამსახურის ცნობით, ნავასი „სევილიას“ ფეხბურთელად 2024 წლის ბოლომდე დარჩება, შემდეგ კი კლუბში იმუშავებს.
მანამდე ფეხბურთელმა ზაფხულში კონტრაქტის ამოწურვის გამო კლუბიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მან თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ გუნდში დარჩენა სურდა, მაგრამ ახალი შეთანხმება არ შესთავაზეს. ამის შემდეგ „სევილიას“ პრეზიდენტმა ხოსე მარია დელ ნიდო კარასკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბი მზადაა ნავასთან კონტრაქტი სიცოცხლის ბოლომდე გააფორმოს.
მცველი „სევილიაში“ 2002 წლიდან 2013 წლამდე თამაშობდა და გუნდში 2017 წელს დაბრუნდა. მას ეკუთვნის კლუბის რეკორდი გამართული მატჩების რაოდენობით - 688.