ფეხბურთი

12:15 | 18.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

რიერა: "ვისურვებდი, რომ ზურიკო მომდევნო სეზონშიც "ბორდოში" იყოს, მაგრამ არ ვიცი რა მოხდება"

„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა.

ქართველმა ფეხბურთელმა „პოსთან“ მოგებულ შეხვედრაში (3:2) გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც მიითვალა. ნამატჩევს რიერას ჰკითხეს, იყო თუ არა, ეს დავითაშვილის ბოლო თამაში „ბორდოში“.

„ვერ გიპასუხებთ. ის კარგი ფეხბურთელია, მნიშვნელოვანი და ლოგიკურია, რომ სხვა კლუბებსაც სურთ. ფეხბურთში არსებობს ბიზნესის ელემენტები. ვისურვებდი, რომ ჩვენთან იყოს მომდევნო სეზონში, მაგრამ... ვეცდებით, ვიპოვოთ კლუბის მდგომარეობასთან თავსებადი ფეხბურთელები. შეიძლება იმაზე მეტი გავყიდოთ, ვიდრე ვიყიდოთ, მაგრამ მე რაოდენობას ხარისხი მირჩევნია. თუ კარგი შეთავაზება შემოვა, ეს უკვე ბიზნესის საკითხიც იქნება. მოვძებნით იმავე თვისებების მქონე მოთამაშეს უფრო იაფად, ჩემი მოვალეობა კი ისაა, რომ ფეხბურთელებს განვითარებაში დავეხმარო“, - თქვა რიერამ.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის 2023-2024 წლების სეზონი 36 შეხვედრაში 8 გოლით და 8 საგოლე პასით დაასრულა. მან განსაკუთრებით სეზონის მიწურულს, მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ მოუმატა. 23 წლის ფეხბურთელი ახლა ცოტას დაისვენებს, ხოლო მაისის ბოლოდან საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს. „ბორდომ“ ლიგა 2-ში სეზონი 50 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა.

0.122039