ტურინის „იუვენტუსიდან“ მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლეს. სეზონის ბოლოს იტალიელის გუნდიდან გაშვება ისედაც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ ის უფრო ადრე დაითხოვა.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, იტალიის თასის ფინალში და ამ მატჩის დასრულების შემდეგ ალეგრის გამოხატული ქცევები არ შეესაბამებოდა კლუბის სტანდარტებს და „იუვეში“ ეს ყველაფერი კლუბისთვის შეუთავსებლად მიიჩნიეს.
ალეგრიმ მატჩის დროს მსაჯებთან იჩხუბა, მატჩის შემდეგ სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლისთან და ასევე Tuttosport-ის რედაქტორ გუიდო ვაჩაგოსთან.
მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსში“ 2014 წლის ზაფხულში გამოჩნდა და გუნდს 2019 წლამდე ძალიან წარმატებულად ხელმძღვანელობდა. მან „იუვეს“ ხსენებულ 5 წელიწადში 5-ჯერ სკუდეტო, 4-ჯერ იტალიის თასი და 2-ჯერ იტალიის სუპერთასი მოაგებინა, ხოლო 2015 და 2017 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.
მაქსი „იუვენტუსს“ 2021 წელს დაუბრუნდა, თუმცა ამჯერად მისი სამწლიანი მონაკვეთი შედეგიანი ვერ იყო, რადგან ტურინელებმა მხოლოდ წელს მოახერხეს ტიტულის მოგება - იტალიის თასის. ალეგრის კონტრაქტი 2025-წლამდე აკავშირებდა „ბებერ ქალბატონთან“, თუმცა, თანამშრომლობა შეწყდა.
სეზონის ბოლომდე „იუვენტუსს“ ორი მატჩი აქვს დარჩენილი „ბოლონიასა“ და „მონცას“ წინააღმდეგ. სავარაუდოდ, კლუბს 19-წლამდე გუნდის მწვრთნელი პაოლო მონტერო, ან ალეგრის შტაბის წევრი ფრანჩესკო მანიანელი უხელმძღვანელებს.
ზაფხულში „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი უდიდესი ალბათობით ტიაგო მოტა გახდება, რომელთანაც სამწლიანი კონტრაქტი შეთანხმებულია.