ფეხბურთი

15:20 | 17.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა!

ავსტრიის ბუნდესლიგაში 2023-2024 წლების სეზონი შეაჯამეს და საუკეთესო ფეხბურთელად ოთარ კიტეიშვილი დაასახელეს!

გამოკითხვაში ბუნდესლიგის კლუბების პრეზიდენტები, მენეჯერები და მწვრთნელები მონაწილეობდნენ. მათ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გარდა, საუკეთესო მეკარე, ახალწვეული, მწვრთნელი და მსაჯიც გამოავლინეს.

„ეს ჯილდო დიდი პატივია და ძალიან გახარებული ვარ. ეს არის იმ შრომისმოყვარეობის დასტური, რაც პირადად მე და პირველ რიგში, მთელმა გუნდმა გაიღო მთელი სეზონის განმავლობაში. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება დიდებული განცდაა. ვიცით, რომ როგორც გუნდს, ჯერ კიდევ გვაქვს მთავარ მიზანზე მისაღწევი და იმედია, ამის შემდეგ ერთად ვიზეიმებთ“, - თქვა კიტეიშვილმა.

ავსტრიის ბუნდესლიგის ვებგვერდი კი, კიტეს შესახებ წერს: „ოთარ კიტეიშვილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ეს მესამე შემთხვევაა ბოლო 7 სეზონის განმავლობაში, როცა ამ პრიზს „შტურმის“ ფეხბურთელი იგებს. 28 წლის ქართველს გამორჩეული სეზონი ჰქონდა, გაიტანა 9 გოლი, მოიგო ავსტრიის თასი და ჩემპიონის ტიტულიც შეიძლება მოიპოვოს, რაც გამორჩეული სეზონის დაგვირგვინება იქნება. კიტეიშვილს ჯილდოს „კლაგენფურტთან“ საშინაო მატჩის შემდეგ გადასცემენ, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს“.

ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი კიტეიშვილმა პირველად მიიღო, ხუთეული კი ასეთია:

1. ოთარ კიტეიშვილი (შტურმი)

2. ალეკსანდერ პრასი (შტურმი)

3. მარკო გრული (რაპიდი)

4. ოსკარ გლუხი (ზალცბურგი)

5. რობერტ ზული (ლასკი)

სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს რაც შეეხებათ: საუკეთესო მეკარე ალეკსანდერ შლაგერი გახდა (ზალცბურგი), საუკეთესო ახალწვეული - კარიმ კონატე (ზალცბურგი), საუკეთესო მწვრთნელი -კრისტიან ილცერი (შტურმი), ხოლო საუკეთესო მსაჯი - ვალტერ ალტმანი.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა კონკრეტულად ბუნდესლიგის 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან უკვე მოიგო ავსტრიის თასი (ზედიზედ მეორედ), ხოლო ბოლო ტურის წინ „შტურმი“ „ზალცბურგს“ 2 ქულით უსწრებს და ძალიან ახლოსაა 2011 წლის შემდეგ პირველად ავსტრიის ჩემპიონობასთან.

0.127041