საქართველოს ნაკრების და „აპოელის“ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შესაძლოა კარიერა ლიმასოლის „არისში“ გააგრძელოს.
კვიპროსული მედიის ცნობით, ქართველი უფრო მეტად „არისში“ გადასვლაზე ფიქრობს, ვიდრე „აპოელთან“ კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც იწურება. გიორგის ლიმასოლელები ორწლიან კონტრაქტს და ამ პერიოდში ხელფასის სახით 1.4 მილიონ ევროს სთავაზობენ.
ტრანსფერის ინიციატორი „არისის“ ბელარუსი მთავარი მწვრთნელი ალექსეი შპილევსკია, რომელიც ფიქრობს, რომ ქვილითაიას მისი გუნდის შეტევის ხაზის გაძლიერება შეუძლია.
გარდა ამისა, გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის 2023-2024 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ოფიციალური ვერსიით მოხვდა.
ქართველი ფეხბურთელი „აპოელის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს, მანამდე კი, კიდევ ერთი კვიპროსული გუნდის, „ანორთოსისის“ წევრი იყო.