ფეხბურთი

19:26 | 15.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "მომავალში რა მოხდება ვნახოთ, მაგრამ ახლა "ლევერკუზენში" ბედნიერი ვარ"

„ლევერკუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ იტალიურ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბერგამოს „ატალანტასთან“ ევროპა ლიგის ფინალზე, ასევე საკუთარ თავზე და თავის გუნდზე ისაუბრა.

„მხოლოდ ფინალებზე ვფიქრობ, სხვა არაფერზე. ამ ორი თამაშის საუკეთესოდ მომზადებაზე ვარ კონცენტრირებული, ჯერ ოთხშაბათს დუბლინში, „ატალანტასთან“ და შემდეგ ბერლინში, „კაიზერსლაუტერნთან“. ორი დიდი მიზანი გვაქვს. „ლევერკუზენში“ დავრჩი, რადგან აქ ბედნიერი ვარ, კარგი გუნდი მყავს, კლუბისგან დიდი მხარდაჭერა აქვს და დიდი შანსი მომცეს. მომიყვანეს ის ფეხბურთელები, რომლებიც მსურდა. ვფიქრობ, პატივისცემის საკითხიცაა მუშაობის აქ გაგრძელება, მაგრამ პირველ რიგში იმიტომ დავრჩი, რომ აქ ბედნიერი ვარ. ძალიან ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და რა იქნება მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ახლა აქ კარგად ვარ.

„ატალანტა“ უნიკალური გუნდია, დიდი ხანია ერთი მწვრთნელი ჰყავს, მას აქვს მკაფიო იდეა ფეხბურთის სათამაშოდ, რამდენიმე დადებითი სეზონი ჰქონდათ, მაგრამ ეს ალბათ მათი საუკეთესო სეზონია, იტალიის თასის ფინალში არიან, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის დიდი შანსი აქვთ და ევროპა ლიგის მოგებაც შეუძლიათ. „ატალანტასგან“ ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება.

ჩემს წარსულზე ჩემს ფეხბურთელებთან არ ვსაუბრობ, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვცდილობ სწორი დასკვნები გამოიტანო, ოღონდ ჩემი ისტორიის მოყოლის გარეშე. ვცდილობ, ფეხბურთელებთან ახლოს ვიყო ყველა ვარჯიშზე, მათთან ერთად ვარ მოედანზე, არ მინდა ვიყო მწვრთნელი მხოლოდ კვირის ბოლოს, არამედ ყოველდღე და საბედნიეროდ მყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ თვალსაზრისით ძალიან მიმღები არიან. ჩემთვის კარგი ფეხბურთი ნიშნავს მოქნილობას, მზადყოფნას ცვლილებებისთვის, არის მომენტები, როცა უნდა ითამაშო უფრო ნელა, ან უფრო სწრაფად, გვაქვს იდეები და კონცეფციები, მაგრამ საჭიროა კარგად წაიკითხო მეტოქეები და თამაშები. ჩვენი წარმატება ნაწილობრივ ამითაც არის განპირობებული, ჭკვიანი ფეხბურთელები გვყავს განსხვავებული თვისებებით. დღევანდელ ფეხბურთში ყოველთვის მეტოქეს უნდა მოერგო“, - თქვა ჩაბი ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენი“ მიმდინარე სეზონში არ დამარცხებულა (50 მატჩი), მოიგო ბუნდესლიგა, გასულია ევროპა ლიგისა და იტალიის თასის ფინალში, სადაც შესაბამისად, 22 მაისს „ატალანტას“ და 25 მაისს „კაიზერსლაუტერნს“ დაუპირისპირდება.

0.118481