„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ცუდი ჩემპიონია, ყოველ შემთხვევაში, სტატისტიკა ამაზე მიუთითებს.
როგორც Spazio Napoli იტყობინება, 1949-1950 წლების სეზონში მოქმედი ჩემპიონის რანგში „ტორინომ“ 38 მატჩში მხოლოდ 41 ქულა მოიპოვა და სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა. თუმცა, მაშინ გამარჯვებაზე გუნდებს 2 ქულა ენიჭებოდათ, ტურინელთა მაშინდელი შედეგი 3 ქულაზე რომ გადავიყვანოთ, „ტორინო“ 58 ქულით დაასრულებდა სეზონს.
„ნაპოლის“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 51 ქულა აქვს და ბოლო ორი მატჩი რომც მოიგოს, მაქსიმუმ 57 ქულით დაასრულებს სეზონს, შესაბამისად, „ტორინოს“ შედეგს ვერ გააუმჯობესებს.
ამრიგად, „ნაპოლი“ არის გუნდი, რომელმაც იტალიის სერია A-ში ჩემპიონის რანგში ყველაზე ცოტა ქულა მოიპოვა. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ საუბარია მხოლოდ იმ სეზონებზე, როცა სერია A-ში 20 გუნდი თამაშობდა. შესაბამისად, 38 ტური ჩატარდა, რადგან მაგალითად, იყვნენ გუნდები, რომელბმაც 18-გუნდიანი ჩემპიონატი (34 ტური), მოქმედის ჩემპიონის სტატუსით უფრო ნაკლები ქულით დაასრულეს სეზონი, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, მაშინ მათ 38 მატჩი არ ჩაუტარებიათ.
აღსანიშნავია, რომ „ტორინოს“ მაშინდელი გუნდი სუპერგას ცნობილი ტრაგედიასთან კავშირშია. მთელი გუნდი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა და ახალი სეზონი ტურინელებმა განახლებული შემადგენლობით ჩაატარეს...