ფეხბურთი

0:54 | 11.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

21-წლიანი პაუზის შემდეგ სერია A-ში სესკ ფაბრეგასის "კომო" დაბრუნდა

სერია B-ში რეგულარული სეზონის ბოლო ტური გაიმართა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ „კომო“ 21-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიური ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდა.

სესკ ფაბრეგასის გუნდი შინ „კოზენცას“ დაუზავდა (1:1), ხოლო მისი კონკურენტი „ვენეცია“ სტუმრად „სპეციასთან“ დამარცხდა.

შედეგად, „კომომ“ 73 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და სერია A-ში დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა. მოგეხსენებათ, მანამდე სერია A-ს საგზური „პარმამ“ მოიპოვა, რომელმაც 76 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სეზონი 67 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში ითამაშებს, მისი კონკურენტები კი, „ვენეცია“, „კატანძარო“, „პალერმო“, „სამპდორია“ და „ბრეშა“ იქნებიან - ამ გუნდებიდან ერთი მოიპოვებს სერია A-ს საგზურს.

კრემონელებმა დღეს „ჩიტადელა“ 3:0 დაამარცხეს, ხოლო ლოჩოშვილი მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო.

სერია B-ში ადგილი შეინარჩუნა ივა გელაშვილის „სპეციამ“, რომელმაც „ვენეციას“ 2:1 მოუგო და პლეი-აუტის ზონას თავი დააღწია და 44 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა. გელაშვილი განაცხადში არ იყო. ზოგადად, ქართველი მცველის იტალიური კლუბიდან წასვლა გადაწყვეტილია.

აქვე გეტყვით, რომ სერია B-დან გავარდნენ „ლეკო“, „ფერალპიზალო და „ასკოლი“, ხოლო გადარჩენისთვის პლეი-აუტში ითამაშებენ „ტერნანა“ და „ბარი“.

0.122329