12:55 | 9.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: „წინ „ატალანტას“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია“

„ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ჟურნალისტებს ფრანგულ „მარსელთან“ ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის მოლოდინი გაუზიარა. შეხვედრა დღეს, 9 მაისს, ბერგამოში გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გუნდურობა იქნება. მარსელში გამორჩეული ატმოსფერო იყო, მაგრამ ახლა ტრიბუნები ჩვენ უნდა დაგვეხმარონ. გულშემატკივრები ყოველთვის ფანტასტიკურად გვამხნევებდნენ, თუმცა ჩვენი სტადიონი არც ისე დიდია.

რაც შეეხება გოლების ღირებულებას, წინ „ატალანტას“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენ გვინდა ფინალში გასვლა, მაგრამ გვესმის, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია მოგვიწევს შევინარჩუნოთ“, - ციტირებს გასპერინის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

საფრანგეთში პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. „ატალანტას“ მხრიდან ჯანლუკა სკამაკამ გაიტანა, მარსელელთაგან კი ჩანსელ მბემბამ.

0.110406