„მეცის“ სპორტულმა დირექტორმა პიერ დრეოსიმ გიორგი მიქაუტაძის გაუქმებული დისკვალიფიკაციის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მას წითელი ბარათი მსაჯმა რატომ უჩვენა, გაუგებარია.
„ვფიქრობ, რომ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან პირველადი გადაწყვეტილება უბრალოდ გაუგებარი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ კომისიასთან, თუმცა არც ისე დიდი ხნის განმავლობაში. ბატონმა ბუკემ წარადგინა თავისი ანგარიში, რომელშიც მიუთითა, რომ შეცდომა დაუშვა. ფაქტობრივად, ორშაბათს დავრწმუნდით, რომ გიორგი სტრასბურში ჩვენთან ერთად იქნებოდა“, - თქვა დრეოსიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ საგოლე პასიც გააკეთა. ქართველი თავდამსხმელი ბოლო ხუთ ტურში მოედნიდან უგოლოდ არ გასულა და ამ პერიოდში ჯამში 7 გოლი გაიტანა.
„მეცი“, რომელიც 29 ქულით მე-16 ადგილზეა, „სტრასბურს“ 12 მაისს, სტუმრად დაუპირისპირდება.