ინგლისის ლიგა 1-ის (რანგით მესამე დივიზიონი) ბინადარი „უიკომბ უონდერერსი“ ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ შეიძინა.
მისმა კომპანია Blue Ocean Partners Ltd-მა იყიდა კლუბის 90%-იანი წილი, რომელმაც ამ სეზონში ლიგა პირველში მე-10 ადგილი დაიკავა.
„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა და ფინანსურად მდგრადი კლუბი ავაშენოთ. ფეხბურთის სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენი პრიორიტეტი იქნება კლუბში თანამედროვე ტექნოლოგიები და მონაცემთა ანალიზის ტექნიკები დავნერგოთ, რათა კლუბმა უფრო მაღალ დონეზე აინაცვლოს. ასევე მჯერა ახალგაზრდების განვითარებისა და კლუბის ხედვა ამ მხრივ ფუნდამენტური იქნება. ჩვენი მიზანია, ავაშენოთ მაღალი დონის აკადემია, რომელიც გახდება კლუბის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი“, - თქვა ლომთაძემ.
ლომთაძე წელს Forbes-ის მილიარდერთა სიაში 581-ე ადგილზე იყო, მისი ქონება 5,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. „უიკომბი“ ამჟამად მესამე დივიზიონში გამოდის, მაგრამ 2020-2021 წლების სეზონი ჩემპიონშიფში გაატარა.