ფეხბურთი

14:12 | 6.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "შტურმში" ჩემპიონობა ჩვენი ოცნებაა, მიზანთან ძალიან ახლოს ვართ"
ქართველ ნახევარმცველს ჯერაც არ გადაუწყვეტავს დარჩება თუ არა ავსტრიულ კლუბში

ავსტრიის ბუნდესლიგაში „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ჰარტბერგთან“ მარცხს ოთარ კიტეიშვილის გოლით გადაურჩა და ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

კიტეიშვილი ბუნდესლიგის 30-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მისი გოლი Sky Sport-ის ვერსიით ტურის საუკეთესო გოლებშია ნომინირებული. მოკლედ, ქართველ ნახევარმცველს ძალიან კარგი თამაში ჰქონდა.

„დღეს იყო კიდევ ერთი ხასიათის გამოცდა. შემთხვევითი არ არის, რომ ეს ერთი ქულა ავიღეთ", - თქვა ოთარმა მატჩის შემდეგ.

შემდეგ მას ჰკითხეს, დარჩება თუ არადა, გუნდში, რაზეც მას პირდაპირი პასუხი არ ჰქონია: „მინდა, ჩემპიონის ტიტული მოვიგო, ეს ყველაზე მთავარია, რადგან „შტურმში“ ყოფნის პერიოდში ჯერ ეს ვერ მოვახერხე. ეს არის ჩვენი ოცნება და ძალიან ახლოს ვართ მიზანთან“.

ოთარ კიტეიშვილს „შტურმთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. უფრო დიდი ალბათობით, ის ავსტრიულ კლუბს დატოვებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ფაქტორმა შესაძლოა, ყველაფერი შეცვალოს. „შტურმი“ ჩემპიონი თუ გახდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, ამასთან კი, ძალიან ახლოსაა, რადგან სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ზალცბურგს“ 4 ქულით უსწრებს.

ოთარ მიმართ კომპლიმენტის თქმა „ჰარტბერგის“ მთავარ მწვრთნელს მარკუს შოპმაც არ დაივიწყა: „ვიცით, რომ კიტეიშვილისნაირ ხარისხიან ფეხბურთელთან ერთად „შტურმს“ ყოველთვის შეუძლია სიტუაციის შეცვლა“.

კიტე შეაქო თანაგუნდელმა დავიდ შნეგმაც: „ეს არ არის პირველი ან მეორე შემთხვევა, როცა მან გადაგვარჩინა. ის ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ჩვენთვის ნამდვილად ბევრ საქმეს აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ასევე ცხრაჯერ საგოლე პასი მიითვალა. ქართველი გრაცელების ღირსებას 2018 წლიდან იცავს და მან ზედიზედ ორჯერ მოიგო ავსტრიის თასი (2023-2024), ხოლო ახლა კარიერაში პირველად ავსტრიის ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია.

0.123978