ფეხბურთი

11:40 | 5.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" დირექტორი: "გაუგებარია მსაჯის გადაწყვეტილება, მიქაუტაძის წითელ ბარათს გავასაჩივრებთ"
"მეცში" მსაჯის გადაწყვეტილებებით ძალიან უკმაყოფილოები არიან

„მეცის“ სპორტულმა დირექტორმა პიერ დრეოსიმ „რენთან“ მატჩის (2:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გიორგი მიქაუტაძისთვის ნაჩვენებ წითელ ბარათს სადისციპლინო კომიტეტში გაასაჩივრებენ.

„მტკივნეული მარცხია. დიდი შესაძლებლობა გვქონდა, შემდეგ დავისაჯეთ პენალტით, რომელიც აშკარად არ იყო, დამატებულ დროში გოლი გავუშვით და მიქაუტაძეც გააძევეს, ეს ძალიან ბევრია. ჩვეულებრივ, ბევრ შეცდომას ვუშვებთ, ამჯერად ნაკლები შეცდომა გვქონდა და ვფიქრობ, მსაჯმა უფრო მეტი შეცდომა დაუშვა. დისციპლინურ კომიტეტს მივმართავთ, ავუხსნით, რომ ეს არასდროს არის წითელი ბარათი. ვფიქრობ, VAR-დან დაუძახეს მსაჯს და უთხრეს, რომ ეს წითელი ბარათი არ იყო, მან კი, გადაწყვეტილება არ შეცვალა, გაუგებარია, რატომ. ორი მატჩი დარჩა და ქულების მოპოვება გვმართებს. ვიცით, რომ რთული იქნება. „რენთან“ მატჩის შედეგით კი, უკმაყოფილი ვარ, რადგან ვფიქრობთ, რომ უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით“, - თქვა დრეოსიმ.

შეგახსენებთ, რომ „რენთან“ გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ძალიან საკამათო ვითარებაში წითელი ბარათი უჩვენეს, რასაც ალბათ, არ იმსახურებდა. ქართველ ფორვარდს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში შესანიშნავი შედეგი აქვს - 18 მატჩი, 12 გოლი და 4 საგოლე პასი.

„მეცი“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 29 ქულით პლეი-აუტის მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 12 მაისს, სტუმრად „სტრასბურს“ დაუპირისპირდება.

0.125162