ფეხბურთი

11:00 | 5.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი მიქაუტაძის გაძევებაზე: "არ ვიცი, ვიყვირო, ვიტირო თუ ვიცინო"
ლაშლო ბოლონის აზრით, ასეთი მსაჯობა სამოყვარულო დონეზეც არაა

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ „რენთან“ მატჩის (2:3) გიორგი მიქაუტაძის გაძევებაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, არ იცის, იყვიროს, იტიროს თუ იცინოს. რუმინელის აზრით, ასეთი მსაჯობა რეგიონალურ ჩემპიონატშიც არ იქნებოდა.

„მარცხი ყოველთვის არასასურველია, ყოველთვის ძნელად მოსანელებელი. „რენი“ ჩვენზე უკეთესი გუნდია, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. შემდეგ იყო მსაჯის ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაც, რომელმაც მთლიანად შეცვალა მატჩის მსვლელობა და შემდეგ მიქაუტაძის გაძევება. არ ვიცი, ვიყვირო, ვიტირო თუ ვიცინო, კომენტარს ვერ გავაკეთებ, კომენტარის გარეშე! რაც გულში მაქვს, ვთქვა? ასე რომ მოვიქცე, მაშინვე დისციპლინურად დამსჯიან.

ასეთი მსაჯობა რეგიონალურ ჩემპიონატშიც არ იქნებოდა. მსაჯობა ადვილი არ არის, მაგრამ როცა ვინმე ბრმაა... თან VAR-ზეც ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებას. ვერ ვიგებთ, როგორ შეიძლება ეს უმაღლეს დივიზიონში მოხდეს, საძილე აბების მიღებას ვაპირებთ, რომ ეს ყველაფერი დავივიწყოთ“, - თქვა ბოლონიმ

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „რენთან“ გოლით მიჯრით მეხუთე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და ამ მატჩებში 7 გოლი გაიტანა. სულ მას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს ანგარიშზე. 23 წლის ქართველი თავდამსხმელი ბომბარდირთა დავაში მე-7 ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით ნახევარი სეზონი სხვა ჩემპიონატში, ერედივიზიონში თამაშობდა.

თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ძალიან საეჭვო ვითარებაში ქართველი ფორვარდი გააძევეს, რომელიც. თუ კლუბი წითელ ბარათს არ გაასაჩივრებს და არ დაუკმაყოფილებენ ამ საჩივარს, „სტრასბურთან“ მომდენო მატჩს გამოტოვებს. „მეცი“ 29 ქულით პლეი-აუტის, მე-16 ადგილზეა, სეზონის დასრულებამდე კი, 2 ტური დარჩა.

0.116934