გერმანიის II ბუნდესლიგის 32-ე ტურში „კარლსრუემ“ სტუმრად როსტოკის „ჰანზა“ 2:1 დაამარცხა, რაშიც ბუდუ ზივზივაძემ წვლილი გოლით შეიტანა.
ქართველმა ფორვარდმა უგოლო სერია დაასრულა: მას „კარლსრუეში“ ბოლოს 17 მარტს ჰქონდა გატანილი, ხოლო ზოგადად, ბოლოს საქართველო-ლუქსემბურგის შეხვედრაში გამოეჩინა თავი. მას მერე, ბუდუს ორი მატჩის გამოტოვებაც მოუწია, მაგრამ ახლა ისევ შედის კარგ ფორმაში.
ბუდუმ მეექვსე წუთზეც გაიტანა, როდესაც თავად დაიწყო შეტევა და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა, მაგრამ მომენტი VAR-ზე გადამოწმდა და ქართველ ფორვარდზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, შესაბამისად, გოლი გაუქმდა. პირველი ტაიმი „ჰანზამ“ მოიგო 1:0, მეორე ნახევარში კი, სტუმრებმა დააქამბექეს.
52-ე წუთზე ბუდუმ შესანიშნავად იმოქმედა: ჯერ ბურთი გაატარა ჭკვიანურად და თან საჯარიმოში გაიხსნა, პასიც არ დაუგვიანეს და გაიტანა - ძალიან ეფექტური გოლი გამოვიდა. ეს ზივზივაძის მე-11 გოლია II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 შეხვედრაში.
კრისტიან აიხნერის გუნდმა ოთხ წუთში მეორეც გაიტანა და მოიგო. ბუდუ 86-ე წუთზე შეცვალეს.
„კარლსრუეს“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 52 ქულით მეხუთე ადგილი უკავია, თუმცა ბუნდესლიგაში აღზევების შანსი დაკარგული აქვს, ხოლო მომდევნო ტურში 12 მაისს, „ჰანოვერს“ უმასპინძლებს.