ჩვენს სამსაუკუნოვან მტერზე - რუსეთზე, მის მხარდამჭერ სამარცხვინო ქართველებზე და რუსულ კანონზე შეტევა თავიდან კახელმა გიორგი ქოჩორაშვილმა დაიწყო, ახლა მას მეგრელი ლუკა ლოჩოშვილი აჰყვა და ეს საამაყო ესტაფეტა ჩვენმა სპორტსმენებმა ერთხმად და რაც მთავარია, ღირსეულად გადაიბარეს.
ისტორულადაც ასე იყო - აღმოსავლეთიდან მოსულ მტერს პირველი კახეთი ხვდებოდა, ზღვიდან ქვეყნის დაცვა კი, მეგრელების კისერზე იყო. მეგრულად „ლოჩო“ მშვიდს, წყნარს ნიშნავს და ასე მშვიდად, ყოველგვარი, მტრისთვის გასახარი გაბოროტების გარეშე ჩვენი საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ისეთები დაწერა რუსეთზე, ნებისმიერი კახელი სიხარულით რომ მოუწერდა ხელს.
ბიჭებს არც ლეჩხუმელი გიორგი ჩაკვეტაძე ჩამორჩა და თავისი სათქმელი გასაგებად, მწყობრად და ლამაზად ჩამოაგვირისტა. იქვე გაჩნდა ჩვენი ნაკრების ყოფილი, მაგრამ ქომაგებისთვის მუდამ დაუვიწყარი თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი მერებაშვილი, რომლებმაც რუსული კანონიც დაგმეს და ქვეყნის ევროპული მომავალიც დაიცვეს.
თავისი სათქმელი გემრიელად თქვეს ჩვენმა უმაგრესმა ვარსკვლავმა გიორგი მიქაუტაძემ, ჭეშმარიტმა ქუთაისელმა და იმერეთის სიამაყე ბუდუ ზივზივაძემ, მუდამ სწორ მხარეზე მყოფმა გიორგი ქვილითაიამ და ამ საოცარ მარათონში მარგალიტივით მოსჩანდა ლეგენდარული ქართველი ფორვარდის, შოთა არველაძის ჯიგრიანი და გულით დაწერილი ტექსტი იმაზე, რომ ევროპის იქით ჩვენი ქვეყანა მართლაც წარმოუდგენელია და ეს კანონი ყოველივე ცუდის მომტანია.
არავის ჩამორჩნენ (პირიქით, ზოგიერთმა დაასწრო კიდეც) ჩვენი საამაყო მორაგბეები, რომლებმაც საქართველოსთვის ლელო ამჯერად საკუთარი სწორი მოსაზრებებით დადეს.
სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თორნიკე ჯალაღონია, ლაშა ჯაიანი, კოტე მიქაუტაძე, ნიკა აბულაძე, ირაკლი თოდუა, დავით ნინიაშვილი და სხვები არამხოლოდ მწვანე მინდორზე, მინდვრის გარეთაც ჭეშმარიტ ქართველ პატრიოტებად წარმოჩინდნენ და სრულიად გააქარწყლეს მავანთა ეჭვები, რომ თითქოსდა მორაგბეებს მართალი სიტყვის თქმა და რუსული კანონის დაგმობა გაუჭირდებოდათ. ეს ბიჭები რუსეთის ნაკრებს „ნახმარი ჟეშტივით“ ათრევენ და როგორ ფიქრობთ, რუსული კანონის დაგმობის შეეშინდებოდათ?
ქართული კალათბურთის სახელით მართალი და ქართული სიტყვის თქმის პატივი და ბედნიერება წილად ლეგენდარულ ვეტერან გიორგი ცინცაძეს ხვდა, ხოლო ბექა ბურჯანაძემ ისეთი ტექსტი გამოაცხო, შინაარსობრივი სიზუსტით ბევრ პოლიტოლოგს დააღებინებდა პირს. ერთ-ერთმა პირველმა კი (არამარტო კალათბურთელთა, არამედ ცნობილ ქართველ სპორტსმენთა შორის) სანდრო მამუკელაშვილმა გამოხატა თავისი ღირსეული პოზიცია.
MMA-ის მებრძოლების სათქმელი ახალგაზრდა სპორტსმენმა კოტე მაჩაბელმა თქვა. ფუტზალის ნაკრების კაპიტანმა ირაკლი თოდუამ კი, საქართველოს ნაკრებში თამაშის მნიშვნელობა შეახსენა საზოგადოებას.
აქვე იყო საქართველოში ყოვლად უნამუსოდ დაჩაგრული უმაგრესი ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც კიდევ ერთხელ შეუერთდა ქართველი ხალხის სამართლიან სურვილსა და მოთხოვნებს. წლების განმავლობაში საქართველოში და ქართულ სპორტში არსებულ უსამართლობასთან ზურაბის ბრძოლა მისი ასეთი სწორი პოზიციით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
პრაქტიკულად ყველა სპორტსმენის სტატუსი (რომლებიც ფოტოებში შეგიძლიათ იხილოთ) ერთმანეთზე უკეთესი და მრავლისმთქმელია, შინაარსობრივად კი მათი გაერთიანება გიორგი ქოჩორაშვილის ამ სიტყვებში შეიძლება: „არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ქვეყანა, არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება!“
ქართველი სპორტსმენების ეს ბრძოლა არის ჭეშმარიტი გამოძახილი მთელი ქართველი ხალხის ბრძოლისა ევროპისკენ მიმავალ ეკლიან გზაზე, რასაც მტერიც ხედავს და მოყვარეც.
ახლა ყველაფერი უკვე საქართველოს ხელისუფლებაზეა, რომელიც უნდა დამორჩილდეს სრულიად საქართველოს სურვილს და გაიტანოს ეს საშინელი კანონი. სხვანაირად არ შეიძლება მოხდეს!