ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმი“ „ზალცბურგს“ ესტუმრა, რომელთანაც ჩემპიონობისთვის იბრძვის და ამ ტურამდე 3 ქულით უსწრებდა.
გრაცელები ალექსანდერ პრასის დუბლით იგებდნენ და ძალიან ახლოს იყვნენ სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 6-ქულიანი უპირატესობა მოეპოვებინათ, რაც პრაქტიკულად ნანატრი ჩემპიონობის გაფორმებას ნიშნავდა, მაგრამ მატჩის მიწურულს უპირატესობა გაანიავეს.
შეხვედრა საბოლოოდ ფრედ, 2:2 დასრულდა და 3-ქულიანი სხვაობა სატურნირო ცხრილში შენარჩუნდა. „შტურმს“ აქვს უპირატესობა, მაგრამ ბრძოლა მაინც წინაა.
ავსტრიის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირდაპირ ხვდება, შესაბამისად, თუ „შტურმი“ ჩემპიონი გახდება და ოთარ კიტეიშვილი კონტრაქტს განაახლებს, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი ნახევარმცველი ითამაშებს.
კიტეიშვილმა 70 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მან მოედანი მაშინ დატოვა, როცა მისი გუნდი ორბურთიან უპირატესობას ფლობდა. კიტეს აქტივში ამ სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩი, 8 გოლი და 8 საგოლე პასია.
„შტურმს“ 1-ელ მაისს ტიტულის მოგების შანსი აქვს, რადგან ავსტრიის თასის ფინალში „რაპიდს“ შეხვდება, ხოლო ბუნდესლიგის მომდევნო ტურში „ჰარტბერგს“ უმასპინძლებს.