ფეხბურთი

17:09 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის სერია გაგრძელდა: გიორგი ლიგა 1-ის ბომბარდირთა ხუთეულშია

საფრანგეთის ლიგა 1-ში გიორგი მიქაუტაძემ გოლი ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა 31-ე ტურში თავი „ლილის“ წინააღმდეგ გამოიჩინა, მაგრამ „მეცი“ მაინც დამარცხდა - 1:2.

მიქაუტაძემ ანგარიში 23-ე წუთზე გახსნა - მან პენალტი დაარტყა ზუსტად. 32-ე წუთზე ისმაილმა გაათანაბრა, ხოლო ორ წუთში გიორგი დუბლთან ახლოს იყო, თუმცა მცირედით არაზუსტი დარტყმა გამოუვიდა. ტაიმის მიწურულს კი, იუსუფ იაზიჯმა „ლილი“ წინ გაიყვანა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეიკ საბალიმ გაიტანა, თუმცა თამაშგარეში იყო და გოლი გაუქმდა, არადა, მას პასი ქართველმა ფეხბურთელმა გაუკეთა.

გიორგი მიქაუტაძე საოცარი ფორმაშია: „მეცში“ დაბრუნების შემდეგ მეცხრე გოლი გაიტანა, ბოლო ოთხ ტურში ზედიზედ, მეექვსე გოლი მიითვალა, ხოლო მთელ სეზონში 11 გოლი დაუგროვდა (17 მატჩში, პლუს 3 საგოლე პასიც აქვს), რითაც ბომბარდირებში მეშვიდე ადგილზეა და გავიხსენოთ, რომ ეს შედეგი იმის მიუხედავად აქვს, რომ ნახევარი სეზონი ნიდერლანდების ჩემპიონატში გაატარა.

მხოლოდ კილიან მბაპეს (26), ჯონათან დავიდს (17), ალექსანდერ ლაკაზეტს (16), პიერ-ემერიკ ობამეიანგს (14), ვისამ ბენ იადერს (13) და ტის დალინგას (12) აქვთ უფრო მეტი გოლი გატანილი ლიგა 1-ში, ვიდრე მიქაუტაძეს. ცხადია, ისინი მთელი სეზონია საფრანგეთის ჩემპიონატში გამოდიან. გარდა ამისა, მიქაუტაძემ ხვიჩა კვარაცხელიას ამ დროისთვის გადაასწრო - „ნაპოლის“ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი, შესაბამისად, ქართველებიდან ტოპლიგებში მიქაუტაძეა მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი.

„მეცი“ 29 ქულით პლეი-აუტის ზონაშია, მე-16 ადგილზე, ხოლო მომდევნო ტურში 4 მაისს, „რენს“ საკუთარ მოედანზე შეხვდება.

0.119023