ფეხბურთი

1:40 | 27.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი: "სეზონი ჯერ არ დასრულებულა, კიდევ უნდა ვიბრძოლოთ"

იტალიის სერია B-ს 35-ე ტურში „კრემონეზე“ ერთ-ერთ კონკურენტ „ვენეციასთან“ სტუმრად 1:2 დამარცხდა, რითაც სერია A-ში პირდაპირ აღზევების შანსი პრაქტიკულად დაკარგა, მაგრამ პლეი-ოფში იბრძოლებს მესამე საგზურისთვის.

კრემონელებმა ვენეციაში ტაიმი მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში უპირატესობა გაანიავეს. ლუკა ლოჩოშვილი მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო და მატჩის შემდეგ კომენტარიც გააკეთა.

„ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ ჩემი აზრით, პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა გვქონდა და მეორე ნახევარში გოლი პირველივე მომენტიდან გავუშვით. ფრე მაინც უნდა გვეთამაშა, მეტი დავიმსახურეთ. ახლა მნიშვნელოვანია ერთად ვიყოთ, კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ და მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ. სეზონი არ დასრულებულა, პლეი-ოფი წინაა და კიდევ უნდა ვიბრძოლოთ. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე ჩვენს საქომაგოდ მოვიდნენ, ბრძოლას გავაგრძელებთ.

მეორე გაშვებული გოლი? რთულია ერთ ეპიზოდზე საუბარი, ჩვენ გუნდი ვართ და ამიტომ, ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ. გავაანალიზებთ მატჩს, რადგან ვიცით, რომ შედეგის მისაღწევად საჭიროა კიდევ უფრო მეტის გაკეთება.

სეზონი ჯერ არ დასრულებულა. ჯერ კიდევ სამი ტური და შემდეგ პლეი-ოფია. დღეს პასუხისმგებლობა ჩვენზეა და ახლა უნდა მოვუმატოთ. გულშემატკივრების მხარდაჭერით შეგვიძლია ბრძოლა ბოლომდე გავაგრძელოთ“, - თქვა ლუკამ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა სერია B-ს მიმდინარე სეზონში 20-ჯერ ითამაშა, ხოლო ორი მატჩი იტალიის თასზეც ჩაატარა. „კრემონეზე“ 60 ქულით მეოთხე ადგილზეა და პლეი-ოფში მოხვდა გარანტირებული აქვს, მომდევნო მატჩს კი, 1-ელ მაისს, შინ „პიზასთან“ ჩაატარებს.

0.118495