ფეხბურთი

1:30 | 25.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტა" იტალიის თასის ფინალში გავიდა

იტალიის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში „ატალანტამ“ „ფიორენტინა“ დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ფლორენციელებს პირველი მატჩი შინ 1:0 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ ეს უპირატესობა ბერგამოში ვერ შეინარჩუნეს. ტეუნ კუპმაინერსმა მერვე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო 53-ე წუთზე ნიკოლა მილენკოვიჩის გაძევების შემდეგ „იები“ მოედანზე 10 კაცით დარჩნენ.

ვინჩენცო იტალიანოს გუნდმა 68-ე წუთზე ლუკას მარტინეს კუარტას გოლით გაათანაბრა კიდეც, თუმცა 75-ე წუთზე ჯანლუკა სკამაკამ ულამაზესი მაკრატელა დარტყმით „ატალანტა“ შეხვედრაში წინ გაიყვანა, ორი მატჩის ჯამში კი ანგარიში გათანაბრდა.

დამატებითი დრო ახლოს იყო, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ამოწურვამდე წამები რომ რჩებოდა, ადემოლა ლუკმენმა ბერგამოელებისთვის ფინალში გამსვლელი გოლი შეაგდო. მერე წინ წასულმა „ფიორენტინამ“ კონტრშეტევაზე მარიო პაშალიჩისგან მეოთხეც გაუშვა.

„ატალანტამ“ 4:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში 4:2 გაიმარჯვა და ფინალშია, სადაც 15 მაისს, რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება.

0.115226