კალათბურთი

14:09 | 24.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბერიშვილის წინამძღოლობით ქუთაისმა რაში დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა

პლეი ოფის მეოთხედფინალური სერია დაიწყო მეოთხე წყვილშიც, რომელშიც რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული ქუთაისი სუპერლიგის დებიუტანტ რაშს ერკინება. კოტე ტუღუშის გაწვრთნილ იმერულ კლუბს მოედნის უპირატესობა აქვს რაშთან და თუკი შემდეგ ეტაპებზე გავა, ყველგან ასე იქნება, რადგან რეგულარულში ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირეს.

ქუთაისელებს მოედნის უპირატესობა ძალიან ადგებათ, რადგან ამ ქალაქის ქომაგი ყველთვის გამოირჩევა მუხტით და ასე იყო დღევანდელ მატჩშიც. გულშემატკივრებით სავსე დარბაზი მხურვალედ ქომაგობდა ქუთაისს, რომელმაც მებრძოლი რაში ბოლო პერიოდში გატეხა და საბოლოოდ დამაჯერებლად – 116:110 (სტატისტიკა) დაამარცხა.

დიდებულად ითამაშა მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც მასპინძელთა გამარჯვებაში ფასდაუდებელი წილი დაიდო. ეროვნული ნაკრების ვეტერანმა 7-დან 7 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი 28 ქულა ისე მოაგროვა, მხოლოდ 1 საჯარიმო გააცუდა. ამასთან, ბერიშვილმა 11 მოხსნა და 1 დაფარებაც მიითვალა, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 40-ს უწია, რაც მიმდინარე პრეი ოფში სარეკორდო შედეგია.

ქუთაისელთა წარმატება მეფარეებმაც განაპირობეს. გიორგი კორსანტიამ 17 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა. აკაკი დვალიშვილის მონაგარმა კი 12 ქულა შეადგინა. 15-15 ქულა მიითვალეს გიორგი ოჩხიკიძემ და ნიკოლოზ სოსელიამ. ამ უკანასკნელმა 5 სამიანი ჩააგდო და ზოგადად, ქუთაისელებმა ამ მატჩში 18 სამიანი მიითვალეს რაც მიმდინარე პლეი ოფის კიდევ ერთი რეკორდია.

რაშის შემადგენლობაში 23 ქულით ბომბარდირი გახდა სანდრო სანაძე. 19 ქულა მოაგროვა ვახტანგ გაფრინდაშვილმა, 15 ქულა და 8 მოხსნა კი იგორ ჩუმაკოვის ანგარიშზეა.

სერიის მეორე შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში 24 აპრილს გაიმართება.

gbf.ge

0.10963