ფეხბურთი

0:46 | 23.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" დერბი მოიგო და იტალიის ჩემპიონი გახდა

მილანის „ინტერმა“ დერბი დელა მადონინა მოიგო და იტალიის ჩემპიონის ტიტულიც გაინაღდა.

„ნერაძურის“ ჩემპიონობა ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ „მადონინაში“ გაფორმებული სკუდეტო, ცხადია, რომ იტალიური ფეხბურთის ისტორიას შემორჩება.

სიმონე ინძაგის გუნდი მე-18 წუთზე ფრანჩესკო აჩერბიმ დააწინაურა, მეორე ტაიმის სტარტზე კი, მარკუს ტურამმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მართალია, ბოლოსკენ ფიკაიო ტომორიმ სხვაობა შეამცირა, მაგრამ "როსონერიმ" მეტი ვერაფერი შეძლო და საკუთარი პუბლიკის წინაშე დაუძინებელი მტრის საჩემპიონო ზეიმის მომსწრე გახდა. ბოლოსკენ ჩხუბისთვის ტეო ერნანდესი, დენზელ დუმფრისი და დავიდე კალაბრია გააძევეს.

„ინტერი“ 2021 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი, მეოცედ გახდა იტალიის ჩემპიონი, შესაბამისად, მომდევნო სეზონიდან მაისურზე ორი ვარსკვლავი ექნება დატანილი.

ასეთი პატივი აქამდე მხოლოდ „იუვენტუსს“ ჰქონია იტალიური გუნდებს, რომელმაც მეორე ვარსკვლავის ტარების უფლება ჯერ კიდევ 42 წლის წინ, 1982 წელს მოიპოვა და უკვე მე-4 ვარსკვლავთანაა ახლოს.

სხვათა შორის, მატჩის წინ „მილანის“ ფანებმა „ინტერს“ ტრიბუნაზე ბანერი დაახვედრეს: „მათემატიკა მოსაზრება არ არის: მოედანზე ეს თქვენი მე-19 ტიტულია“.

საქმე ისაა, რომ 2006 წელს „ინტერს“ „იუვენტუსისთვის“ ჩამორთმეული სკუდეტო გადაეცა, მაშინ, როცა რეალურად სეზონი მესამე ადგილზე, „იუვეს“ და „მილანის“ უკან დაასრულა.

ფაქტია, რომ ისინი მეოცე სკუდეტოს ზეიმობენ. „ინტერი“ იტალიის ახალი ჩემპიონია და დარჩენილ ხუთ ტურში მხოლოდ ფორმალობისთვის ითამაშებს.

„მილანი“ – „ინტერი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 აჩერბი (18), 0:2 ტურამი (49), 1:2 ტომორი (80)

0.118925