ლეგენდარული ფეხბურთელი, ფაბიო კანავარო „უდინეზეს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.
იტალიური მედიის ცნობით, 50 წლის სპეციალისტი ორშაბათს უდინეში ჩავა და გუნდს ჩაიბარებს. კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდება და სამწვრთნელო შტაბში პაოლო კანავაროც იმუშავებს.
ფაბიო გაბრიელე ჩოფის შეცვლის, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. „უდინეზე“ 28 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ბურთების უკეთესი ბალანსის გამო უსწრებს.
ფაბიო კანავაროს სერია A-ს გუნდში არასდროს უმუშავია, იტალიაში აქამდე მხოლოდ სერია B-ს „ბენევენტოს“ მწვრთნელი იყო, ისიც მცირე დროით და წარუმატებლად. კარიერის უმეტესი ნაწილი კი, როგორც მწვრთნელმა ჩინეთში გაატარა.