კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში „აპოელმა“ „არისს“ 2:0 მოუგო, რაშიც გიორგი ქვილითაიას დიდი წვლილია, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა თავის გამოჩენა 31-ე წუთზე მოახერხა, როდესაც ორი მცველის გარემოცვაში დიდებულად გაისარჯა, ორივე მოატყუა და მეკარესთან დარჩენილმა ადვილად გაიტანა.
გიორგის დამსახურებაა „აპოელის“ პირველი გოლიც, რომელიც შებაკემ გაიტანა. ქვილითაიას დარტყმა მეკარემ მოიგერია და შემდეგ მისმა თანაგუნდელმა დაამატა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველი დუბლთანაც ახლოს იყო, თუმცა პენალტი ვერ გაიტანა, რომელიც თვითონ მოიპოვა, მაგრამ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. გარდა ამისა, ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, შეტევაში ხელით თამაშის გამო მსაჯმა ჯარიმა დააფიქსირა. ქვილითაიას მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში 27 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.
ქვილითაიას გარდა, „აპოელის“ რიგებში ლაშა დვალმაც ითამაშა, რომელიც დაცვის ხაზს კარის მშრალად შენახვაში დაეხმარა.
„აპოელი“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ერთქულიანი უპირატესობით ლიდერობს ჩემპიონატს, მომდევნო მატჩს კი, 28 აპრილს, გასვლაზე „ომონიასთან“ ჩაატარებს.