„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი პენალტი აქვს მოგერიებული.
ქართველმა კარის დარაჯმა ლა ლიგაში 3 პენალტი უკუაგდო. მან კიკე გარსიას (ალავესი), ალექს ბაენას (ვილიარეალი) და ანტე ბუდიმირს (ოსასუნა) აჯობა. მის კარში მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 პენალტი დაარტყეს ზუსტად.
სამზე მეტი პენალტი ამ დროისთვის ლა ლიგის სეზონში არავის აქვს მოგერიებული, თუმცა ასევე 3 პენალტი აიღეს უნაი სიმონმა (ბილბაო) და ლუიშ მაშიმიანომ (ალმერია).
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 32 გოლი გაუშვა და 12-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა. „ვალენსია“ 20 აპრილს, ძალიან მნიშვნელოვან მატჩში სევილიის „ბეტისს“ უმასპინძლებს.